ახალციხეში 5 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს

259

N37ახალციხის ოლქში, ხუთი უბნის გადათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამავე ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, 35 საარჩევნო უბნიდან, დოლურის საშუალებით N33, N25, N11, N6 და  N7 უბნები გამოვლინდა.  შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ უბანთა შორის, მოხვდა N7 უბანიც, რომელშიც დაუბალანსებელი ოქმი აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ხმის დათვლა აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კანონმდებლობით განსაზღვრული იყო 35 უბანი. სპეცუბანი არ ითვლება. გადათვლის პროცესში შემდეგი პირები მონაწილეობენ: საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მეორე და მესამე მთვლელები განსაზღვრული არიან საოლქოს წევრები, რომელთაგან ერთი არის პროფესიული ნიშნით არჩეული , მეორე კი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრი. ასევეა ოლქის მიერ არჩეული ერთი წევრი და პარტიის მიერ დანიშნული ერთი წევრი–ჯამში ხუთი ადამიანი“,–ამბობს იგი.

თეა გავაშელის თქმით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთში, ამომრჩეველთა აქტივობა კარგი იყო. უახლოეს დღეებში მოხდება შედეგების შეჯამება და საზოგადოება არჩევნების საბოლოო შედეგებს იხილავს.

„ამომრჩევლების 60%–ზე მეტი მოვიდა არჩევნებზე. ოლქი დათვლის, დააჯამებს შედეგებს. თუ რომელიმე უბანზე რაიმე ხარვეზია, მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. თუ საჭირო იქნება გადათვლის იმ უბნებსაც, თუ არა და შესაბამის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე მოხდება დათვლა–დაჯამება“.

ცესკოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით 57,3% იყო (81 921 ადამიანი), რაც ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, რაჭა–ლეჩხუმის და გურიის შემდეგ, მესამე ადგილზეა. N37- ახალციხის საარჩევნო ოლქში, ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 60,09% იყო, რაც უბანზე 20 286 მისულ ამომრჩეველს ნიშნავს.

N37- ახალციხის საარჩევნო ოლქში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 36 უბანი იყო გახსნილი,მათ შორის ერთი სპეც უბანი, სადაც კოვიდინფიცირებული ადამიანები აძლევდნენ ხმას.