ენმ–ის მერობის კანდიდატი: პირბადეში გახვეული 50 ლარიანებით მომიგეს

292

ბორჯომის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ, ენმ–ს კანდიდატის თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების მოგება მოქალაქეების მოსყიდვით შეძლო. „ქართული ოცნების“ კანდიდატის თქმით კი, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ნამდვილად ველოდებოდით, გამარჯვებას, იმედი გვქონდა, უბრალოდ შედეგი რაც მივიღეთ მოულოდნელი იყო. იმიტომ, რომ მოსახლეობისგან ასეთი აქტივობა და მხარდაჭერა, მართლაც დასაფასებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ მხარდაჭერა გამომიცხადა მთელმა მუნიციპალიტეტმა. ძალიან მშვიდად, წყნარად წესების დაცვით და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ნორმალური არჩევნები“, – ამბობს “ქართული ოცნების” კანდიდატი,  ოთარ არბოლიშვილი.

მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლების ზეწოლის და მოსყიდვის შემთხვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გივი ჯოლბორდი.

„პირბადეში გახვეული 50 ლარიანებით მომიგეს, სხვა რა უნდა ვთქვა?! მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბორჯომელებს, რომლებიც 50 ლარზე არ გაიცვალნენ და მეც არ გამცვალეს“, – ამბობს იგი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბორჯომში  “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ოთარ არბოლიშვილმა ამომრჩევლების ხმების 68,42% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გივი ჯოლბორდმა 31, 58% .