„მესამე ძალა” მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

235

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მეორე ტურში ყველამ ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატს უნდა მისცეს ხმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არავინ უნდა დაუჭიროს მხარი. ამასთან, სერგო ჩიხლაძის თქმით, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებში მოსალოდნელი შედეგი ვერ აჩვენა. „არჩევნებში, მთავარია მეორე ტურების დასრულება. მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ძირითად/დიდ ქალაქებში დამარცხდეს, რაც დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ყველას მოვუწოდებთ, მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ. მეორე ტურში ხმა ყველამ ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატებს უნდა მივცეთ, ყველა ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში ოპოზიციურ კანდიდატებს და არცერთი ხმა 41-ს. ზოგადად ოპოზიციურ პარტიებთან იქნება გარკვეული კონსულტაციები, რადგან უფრო მეტ შედეგებს მოველოდით და „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერ აჩვენა ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.