„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, თუ გიორგი გახარია აპირებს პოზიციონირებას, როგორც ოპოზიციონერი, მეორე ტურში მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს და თუ ამას არ გააკეთებს, „ქართულ ოცნებასთან“ იქნება.
როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ტურზე ყველა პარტიის პოზიციას მნიშვნელობა ექნება.
„ამ ვითარებაში, როდესაც ადგილებია, სადაც ერთი ან მეორე მხარის უპირატესობა ძალიან მყიფეა, ყველა პარტიის პოზიციას მნიშვნელობა ექნება. ამ შემთხვევაში ხშირად ახსენებენ გიორგი გახარიას, იმიტომ რომ გაუგებარია, რას აპირებს. თუ გახარია ზოგადად ოპოზიციაში ყოფნას და როგორც ოპოზიციონერი აპირებს პოზიციონირებას, რა კითხვის ნიშნებია საჭირო?! – მან ოპოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი ძალიან ბუნებრივად, თუ ამას არ გააკეთებს, ის „ქართულ ოცნებასთან იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, გიგი წერეთლის თქმით, მეორე ტურში კიდევ უფრო ფართო კოალიციაა საჭირო.
„თუ არ ვცდები 20 ქალაქში მეორე ტურია, ეს გამარჯვება უნდა იყოს საბოლოოდ მოპოვებული და ბუნებრივია, ამას სჭირდება მხარდაჭერა და კიდევ უფრო ფართო კოალიცია, ვიდრე პირველ ტურში. დარწმუნებული ვარ, ყველა ძირითადი მოთამაშე, ვისაც აქვს პრეტენზია, სურვილი და გრძნობს, რომ ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებასთან გარიგებაში, ოპოზიციას დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი ამოცანა, ამისთვის უნდა იყოს აქტიური კონსულტაციები და მოხარული ვარ, რომ ბევრი პარტიის ლიდერმა ღია განცხადება გააკეთა. მათ შორის ჩვენმა პარტიამაც განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ პარტიას, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში და მეორე ტურში აუცილებლად უნდა გაიმარჯობას“,- განაცხადა წერეთელმა.