ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს, თან იცით ჩვენი პოზიცია – ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოუწოდებს თუ არა საკუთარ ამომრჩეველს, ვის მისცეს მეორე ტურში ხმა.
ხვიჩიას განცხადებით, სინამდვილეში საქმე გვაქვს სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთიან თამაშთან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამომრჩეველი ხმას რომელს მისცემს.
“პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვებულ პარტიებს – “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში წარმატება და მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. თან იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.
ახლა ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში – მიშა- ბიძინა, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით – „ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩამოუყვანეს ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.