თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა პარტიების წევრები ჩაერთვებიან.
“მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ყველა ძირითად პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ “30 ოქტომბრის გამარჯვებაში მონაწილეობა მიიღოს”.
ნიკა მელიას თქმით, სხვა პარტიის წევრებთან კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.
“ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დავაკომპლექტოთ. ეს უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული, ყველა ძირითად პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წილი ჩადოს იმ გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ და მოვუტანთ ამ ქალაქს 30 ოქტომბერს. ამიტომ, მე ვთავაზობ და უახლოეს დღეებში, ეს კონსულტაციები გაიმართება, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ ჩრდილოვან ქალაქის მთავრობას და მერე უკვე გვექნება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებაც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ საქმესაც ვაკეთებთ და ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ”,- თქვა ნიკა მელიამ.
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.