ხელისუფლების ტერორია, ყოველ არჩევნებზე ოჯახს მინადგურებენ – მარნეულში ენმ-ის წევრები დააკავეს

242

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაშა ქველაძე და მისი მამა გივი ქველაძე დააკავეს. მამა-შვილს პარტიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გზაზე პოლიციის რამდენიმე  ეკიპაჟმა გზა გადაუჭრა – ავტომობილიდან ჩამოსვლა უბრძანეს და აიყვანეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

დაკავებულების ნათესავები ყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გომელაურის უწყება მამა-შვილს სადამსჯელო ოპერაციას უწყობს. დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს გივი ქველაძე, თუმცა მისი შვილი, ოპოზიციის წევრი, ისევ განყოფილებაში რჩება. მიზეზი გაურკვეველია.

“ერთი 20 მანქანა იყო, გადმოხტნენ, მე სხვა მანქანაში ჩამაგდეს, ლაშა სხვა მანქანაში. […] ეს არის ხელისუფლების ტერორი ჩემ ოჯახზე, ყოველ არჩევნებზე მიწყობენ ესეთ უბედურებას. გვცემენ, გვკლავენ, ოჯახს მინადგურებენ”, – თქვა გივი ქველაძემ.

ცნობისთვის, ლაშა ქველაძე “ნაციონალური მოძრაობის” სიით მარნეულის საკრებულოში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გივი ქველაძეს მარნეულში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში დაესხნენ თავს. 29 სექტემბრის საღამოს, მას 10-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, დაუმტვრიეს მანქანა. მაშინ თავდამსხმელებს შორის საკრებულოს წევრი, ამირან გიორგაძეც სახელდებოდა.