ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისის მერის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა, სადაც ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიიღო.
წულუკიანი ამბობს, რომ ქუთაისი “კაციჭამიების ხელში არ უნდა ჩავარდეს” და ამომრჩევლებს მეორე ტურზე “უპრეცედენტო მობილიზაციისკენ” მოუწოდებს.
“მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ…”, – თქვა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ქუთაისის მერის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 43,75% მიიღო. რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს, მას 41,86%-მა დაუჭირა მხარი. ვინაიდან, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.