სააკაშვილი მელიას: მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ

308
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ციხიდან გაავრცელა წერილი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. წერილში სააკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მიმართავს და მეორე ტურში გასვლას ულოცავს. ის, ასევე, მელიას მამას, ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიას მოიკითხავს. სააკაშვილი წერს, რომ რევანშის გარეშე, ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა უნდა გააერთიანონ, დაივიწყონ ყველა წყენა და დაიბრუნონ დემოკრატია და თავისუფლება ქვეყანაში.
“ნიკა, ძვირფასო,
მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.
ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ.
განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!
ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.
ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი”, – წერია გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად გვამცნო.

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე თავად გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა. თუმცა, საბოლოოდ, ის საქართველოში აღმოჩნდა და 1 ოქტომბრის საღამოს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.