წინასწარი მონაცემებით, თბილისში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა, საბურთალოზე კი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება

517

თბილისში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი ექვსმა პარტიამ გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის უბნების 80.75% დათვალა. ამ მონაცემებით, დედაქალაქის საკრებულოში მოხვდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 28.09%, “ლელო” – 3.54%, “გახარია საქართველოსთვის” – 8.77%, “ქართული ოცნება” – 40.47%, “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 3.24%, ანა დოლიძე – 2.58%.

რაც შეეხება თბილისის მაჟორიტარულ არჩევნებს, საბურთალოს ოლქში მეორე ტური გაიმართება. “ქართული ოცნების” კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ 40%-ის მოგროვება ვერ შეძლო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას ამ დროისთვის 38.26% აქვს. მეორე ადგილზე კი, 14.34%-ით, “გირჩი მეტი თავისუფლება” კანდიდატი ბორის ყურუაა. შესაბამისად, ამ მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.

დანარჩენ ცხრა ოლქში, ცესკოს პირველადი მონაცემებით, 40%-იანი ბარიერი გადალახეს:

  1. მთაწმინდის ოლქში – ზურაბ აბაშიძემ – 46.74%;
  2. ვაკის ოლქში – გიორგი ტყემალაძემ – 42.35%
  3. კრწანისის ოლქში – ლევან ჯაფარიძემ – 52.03%;
  4. ისნის ოლქში – კახაბერ ლაბუჩიძემ – 45.87%;
  5. სამგორის ოლქში – რევაზ სოხაძემ – 49.24%;
  6. ჩუღურეთის ოლქში – ზურაბ ჩიკვილაძემ – 46.68%;
  7. დიდუბის ოლქში – გივი ჩხარტიშვილმა – 45.26%;
  8. ნაძალადევის ოლქში – ირაკლი ხელაძემ – 45.%;
  9. გლდანის ოლქში – კონსტანტინე ზარნაძემ – 42.24%

ამ მონაცემებით, დედაქალაქის 50-კაციან საკრებულოში ხმები ჯერჯერობით ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ – 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა“ – 13 მანდატი,

„გახარია საქართველოსთვის“ – 4 მანდატი,

„ლელო“ – 2 მანდატი,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1 მანდატი,

„ანა დოლიძე“ – 1 მანდატი.

საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად 26 მანდატია საჭირო.

ინფორმაცია განახლებადია.