უგულავა: დიდი ეპოქა იწყება! მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს

430

ფოთში ოპოზიციის საერთო კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ამ არჩევნებზე ოპოზიციას „შთამბეჭდავი შედეგი აქვს“, ხოლო ფოთში, წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„მინდა, ნიკა მელიას ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მივულოცო. თბილისში მეორე ტურია, ნიკა ლიდერობს და მინდა, მას წარმატება ვუსურო.

რაც შეეხება ფოთს, ჩვენი მონაცემებით, აქ მერის ნაწილში არის მეორე ტური. ახლა მიმდინარეობს დათვლის ეტაპი, მაგრამ წინასწარი მონაცემები, რაც გვაქვს, მეორე ტური გვექნება. რაც შეეხება დანარჩენს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, ჩვენ დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი. მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს. შესაბამისად, ეს შედეგი სულ მალე დადგება, რაც დათვლის პროცესი დასრულდება. ამიტომ, მინდა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს მივულოცო. დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში. დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას იმისთვის, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არცერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“,- განაცხადა უგულავამ.