Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი: ეგზიტპოლის ჩატარებისას ხელს გვიშლიდნენ

361

Edison Research-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, რობ ფარმანი აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების დროს დაბრკოლებებს უქმნიდნენ და ძირითადად ხელს ცენტრალური საარჩევნო კომისია უშლიდათ, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“იმაზე დიდი პრობლემა გვქონდა, ვიდრე წინა ეგზიტპოლების დროს. ძირითადად ხელს გვიშლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სხვებიც გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს. დილით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას გვითხრა, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება, სადაც ვიყავით. შემდეგ დავწერეთ წერილი და დაგვიშვეს, ზოგმა PCR ტესტიც მოგვთხოვა მათთვის, ვინც გამოკითხვას ატარებდა”, — აცხადებს ის ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, უბანზე მყოფი პარტიების წარმომადგენლებიც უქმნიდნენ სირთულეებს და ეუბნებოდნენ, რომ იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდათ.

“იყვნენ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც უბნებზე დამკვირვებლები იყვნენ და ისინიც გვიქმნიდნენ სირთულეებს, გვეუბნებოდნენ, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება. შეიძლება, ცდილობდნენ ხმების დაცვას, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვქონდა კონკრეტულ უბნებზე ყოფნის უფლება. 18:00 საათისთვის კომისიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების უფლება აღარ გვქონდა და მოგვცეს კიდეც წერილი, რომ უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია. ამან იმოქმედა გამოკითხვებზე, მაგრამ ყველა უბანზე ასე არ მოხდა”, – აცხადებს ფარმანი.