პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი “ქართული ოცნებისგან” არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად. ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” კვლავაც იზრუნებს საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელ დაცვაზე და ადასტურებს მზადყოფნას, მოახდინოს სათანადო რეაგირება ამ პრინციპიდან ყოველგვარ გადახვევაზე. გარდა ამისა, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველა ნეიტრალურ დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული ფაქტის შესასწავლად“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი