„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესში დარღვევებზე ისაუბრეს და ის ფაქტები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, საარჩევნო უბნებზე „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებმა გამოავლინეს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დარღვევებზე საუბრისას აღნიშნა, „ეს ამ რეჟიმის ხელწერაა“.
„თქვენ იცით, რომ მმართველი პარტიის მიერ დიდი ზარზეიმით გამოცხადებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, არსებითად არაფერს ცვლიდა, მათ შორის საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წევრების ზრდაზე რომ იძახდნენ, სინამდვილეში ვითარება არ შეცვლილა. დომინაცია ზუსტად ისეთივეა მმართველი გუნდის კომისიებში, როგორიც იყო ადრე, უბრალოდ ყველას მასშტაბი გაიზარდა. „პროფესიული“ წევრები 99%-იან შემთხვევაში არიან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები. ერთადერთი, რაზეც შეიძლებოდა თქმა, რომ შესაძლოა გაეუმჯობესებინა საარჩევნო გარემო, იყო 100-მეტრიანი დისტანციის საკითხი, რომელსაც უნდა მოეხსნა უბნებთან კრიმინალების და სუს-ის წარმომადგენლების მობილიზება, რომელიც იქცა ივანიშვილის რეჟიმის საფირმო ნიშნად. იქვე ხდებოდა დაშინებაც, მოსყიდვაც, თუკი რამის მასობრივ დარღვევაზე შეიძლება საუბარი, ეს არის სწორედაც 100-მეტრიანი წესის დარღვევის ფაქტები. ამის მაგალითია ეს, რაც ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო, კრიმინალური მიდრეკილების ხალხისგან შემდგარი „ბირჟა“. ასეთი ფაქტი დღეს მოხდა ჩუღურეთში კიევის ქუჩაზე, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ეს არის ამ რეჟიმის ხელწერა, ეს ყველა სამარცხვინო ნაბიჯი აღმოჩნდება ფუჭი, თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე, რითიც წყალში ჩავუყრით ამ რეჟიმს ყველა მსგავს ქმედებას,“ – განაცხადა ბოკერიამ.
გიგი წერეთლის განცხადებით კი, დარღვევის ფაქტები ძალიან ბევრია.
„თბილისში, დიდუბის N41 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ათეული ბიულეტენი და ამასთან დაკავშირებით ოქმი დაიწერა, ასევე დიდუბეში N20 უბანზე კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციის პროცესში ეკითხებოდა ამომრჩევლებს, თუ ვის აძლევდნენ ხმას, რაც უხეში დარღვევაა, ქუთაისში N124 უბანზე ცარიელ ოქმზე იყო კომისიის წევრების ხელმოწერები გაკეთებული, წყალტუბოში კიდევ უფრო შორს წავიდნენ, სადაც საარჩევნო უბნის გვერდით დაუთმეს ოთახი და აღნიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა და ვინ არა, დმანისში N43 უბანზე კომისიის წევრი კარნახობდა, თუ ვინ უნდა შემოეხაზათ, ასევე დმანისში N10 უბანზე თავმჯდომარემ შემოიტანა სხვისი პირადობის მოწმობა და რეგისტრატორმა ამომრჩევლის გარეშე თავად მოაწერა ხელი, მარნეულში N48 უბანზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდარუ პირადად გაუსწორდა კომისიის წევრს, დაპირისპირების მიზეზი კი გახლდათ ის, რომ არასრულწლოვნები სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდნენ ხმა მიეცათ, რაზეც კომისიის წევრმა მიუთითა. ბორჯომში N38 ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბილბორდი განთავსებულია საარჩევნო უბნის თავზე, ამის შესახებ „ევროპულმა საქართველომ“ შეიტანა რამდენიმე დღის წინ საჩივარი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ასეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი. ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ ბინძური მეთოდების წინააღმდეგ არის, რაც შეიძლება მეტი ხმა ოპოზიციურ პარტიებს,“ – განაცხადა წერეთელმა.