ბუჩუკური: 17:00 საათის მდგომარეობით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა დაფიქსირებულ დარღვევებზე 150-მდე საჩივარი დაწერეს

536

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც, მათ შორის.

სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.

განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ – სისტემურ ხასიათს ატარებს – კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

ასევე, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ, უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმები წინასწარ არის შევსებული, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე დაფიქსირდა დისბალანსი – გაცემულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.