ჩვენ დავაფიქსირეთ კონკრეტული ფულის გადაცემის ფაქტი, რაც უმძიმესი დარღვევაა, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #6 უბანთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას „კარუსელის“ და გაყალბების სერიოზული მექანიზმი ფიქსირდება.
„ჩვენ დავაფიქსირეთ კონკრეტული ფულის გადაცემის ფაქტი, რაც უმძიმესი დარღვევაა, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #6 უბანთან. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან შემოვიდა ათეულობით ინფორმაცია სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ამაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ არის. ახლა გვაქვს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ფულის გადაცემის ფაქტს უბანთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ მოვითხოვთ ეფექტური გამოძიების დაწყებას და უსწრაფეს რეაგირებას, პირველ რიგში, შეწყდეს კანონდარღვევა, ძალიან მძიმე საარჩევნო კანონდარღვევა. ყველა ჩართულმა პირმა პასუხი აგოს. ასევე ჩვენ ძალიან სერიოზული და დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, იმის თაობაზე, რომ კოვიდთან დაკავშირებით შექმნილი გადასატანი ყუთების სქემა მუშაობს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც თითქოს პაციენტები არიან და მათ სახლში უნდა მიუტანონ გადასატანი ყუთი, რათა არ შეუძლიათ თავად მივიდნენ უბნებზე, აი, ეს სიები არის გაბერილი. არაერთი შემთხვევა გვაქვს სამეგრელოში და ნაძალადევში, როდესაც ადამიანი გადასატანი ყუთის სიაში არის, არანაირი პრობლემა არ აქვს, მიდის უბანზე და აღმოაჩენს, რომ მის მაგივრად ვიღაცამ გადასატანი ყუთით მისცა ხმა. ეს არის „კარუსელის“ და გაყალბების სერიოზული მექანიზმი. როგორც ჩანს, ამ მექანიზმის გამოყენება არის გეგმაში“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
ამასთან, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, პირადად გამოვიდეს და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას დარღვევებზე მომხდარ რეაგირებასთან დაკავშირებით.
„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა მინისტრს, პირადად გამოვიდეს და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას იმ დარღვევებზე მომხდარ რეაგირებაზე, რომლის თაობაზეც დილიდან ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ზოგადი განცხადება, რომ შსს-მ მოახდინა რაღაცაზე რეაგირება, არ არის საკმარისი. ვითხოვთ პოლიციის მიერ შედგენილ ოქმებს, იმ ათეულობით შემთხვევაზე, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც ახდენენ ამომრჩევლის ნების კონტროლს”,- აღნიშნავს ნაცვლიშვილი.