“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, 5 საარჩევნო უბანზე 5 ინციდენტი დაფიქსირდა

197

პარტია “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათ მიერ დაფიქსირდა 5 ინციდენტი 5 საარჩევნო უბანზე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, ხუთივე შემთხვევაში იყო შელაპარაკება და რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

“გვქონდა შემთხვევები, სადაც იყო ანა წითლიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი მუმლაძე, რომელიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის შტაბის უფროსი. ხუთივე შემთხვევაში თითქმის ეს ადამიანები ფიგურირებდნენ. რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ქობულეთში, მე-9 საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერი, ილონა ანანიძე იმყოფება უბნის ტერიტორიაზე და არ ტოვებს უბნის ტერიტორიას, რაც დარღვევაა. ასევე სარფში, 27-ე საარჩევნო უბანზე, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უბნიდან ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს უხმობს, რაც მიანიშნებს მათ კავშირზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეს დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კვლევას, როდესაც ვამბობთ რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ არის პოლიტიკური ორგანიზაცია.

დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკში, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს მეხუთე ნომრის შემოხაზვას სთხოვდა, რაც დარღვევას წარმოადგენს. ლანჩხუთში, მე-14 საარჩევნო უბანზე დარღვეულია პლაკატის საარჩევნო უბანთან გაკვრის და აგიტაციის წესი. ასევე ლანჩხუთში, მე-9 საარჩევნო უბანთან პარტია “საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, საარჩევნო უბანთან დგას და ამომრჩევლებს აკონტროლებს. თბილისში, ვაკის 66-ე საარჩევნო უბანში “ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები 100 მეტი რადიუსის დარღვევით, მანქანით გაჩერებული არიან და იქიდან ამომრჩევლებს აკონტროლებენ. ლანჩხუთში, მე-9 საარჩევნო უბანში დარღვეულია პარტია „საქართველოს“ მიერ, საარჩევნო უბანთან პლაკატების გაკვრის და აგიტაციის წესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.