დარღვევების მთელი თაიგული გვაქვს, თუმცა, არცერთი დარღვევა არ რჩება რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას განხორციელდა ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და ამომრჩევლის მოსყიდვა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ყველაზე ეფექტური იარაღი გაყალბების და მანიპულაციების წინააღმდეგ ამომრჩევლის აქტივობაა, ამიტომ მან, ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“სამწუხაროდ, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან გვაქვს დარღვევები. განხორციელდა ამომრჩეველზე ზეწოლა, ამაში ჩართულები არიან “ოცნების” აქტივისტები. ასევე ვნახეთ, სატელევიზიო კადრები, რომელიც ამას ადასტურებს. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც. მაგალითად, ვაკეში იყო შემთხვევა, როდესაც მისი კუთვნილი ბიულეტენით გავიდა ადამიანი და სხვა უბანში გამოიყენა ეს ბიულეტენი ხმის მისაცემად. ასევე არანაირი რეაგირება არ ხდება კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან ფოტო-ვიდეო გადაღებებზე, რაც არის კანონდარღვევა.
ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია წალენჯიხიდან, სადაც საჩინოს საარჩევნო უბანზე დიდი ალბათობით იმარჯვებს “ლელოს” მერობის კანდიდატი და მოხდა უბნის დახურვა, რაც მიუღებელია და რეაგირებას მოვითხოვთ. საჩივრები იწერება ყველგან, სადაც დაფიქსირებულია დარღვევა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე ეფექტური იარაღი გაყალბების და მანიპულაციების წინააღმდეგ არის ამომრჩევლის აქტივობა. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას იაქტიუროთ, მაქსიმალური გამოცხადება იყოს საარჩევნო უბნებზე, რათა ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტი გაფორმდეს დღეს, რათა ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილებები დავიწყოთ 3 ოქტომბრიდან.
სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახდენს რეაგირებას და სტატისტის როლში გვევლინება უმეტეს შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტური ვითარება გვაქვს საარჩევნო უბანზე. დარღვევების მთელი თაიგული გვაქვს, თუმცა, არცერთი დარღვევა არ რჩება რეაგირების გარეშე. ყველგან სადაც საჭიროა დგება სათანადო აქტი, იწერება საჩივრები”, – აღნიშნავს ჯაფარიძე.