ჯაფარიძე: წალენჯიხაში დაიხურა საარჩევნო უბანი, სადაც იმარჯვებდა ლელო

389

პარტია ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, წალენჯიხაში დაიხურა საჩინოს საარჩევნო უბანი, სადაც ჯაფარიძის მტკიცებით, დიდი ალბათობით მათი პარტია ლიდერობდა.

“ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია წალენჯიხიდან, საჩინოს საარჩევნო უბანზე, სადაც დიდი ალბათობით იმარჯვებს ლელოს კანდიდატი, მოხდა უბნის დახურვა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მოვითხოვთ რეაგირებას. საჩივრები იწერება ყველგან სადაც იქნა დაფიქსირებული დარღვევები” , – თქვა ბადრი ჯაფარიძემ

ჯაფარიძემ სხვა საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრა. კერძოდ, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, დარღვევები სრულიად საქართველოს მასშტაბით ხდება.

“დარღვევებია ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხორციელდება ამომრჩეველზე ზეწოლა, ჩართული არიან ამაში ოცნების აქტივისტები, ჩვენ ვნახეთ ასევე სატელევიზიო კადრები, რომელიც ამას ადასტურებს. არის ამომრჩევლის მოსყიდვის კადრები, კონკრეტულად იყო ვაკეში შემთხვევა, როდესაც მისი კუთვნილი ბიულეტენით გავიდა ადამიანი და სხვა უბანში გამოიყენა მისი კუთვნილი ბიულეტენი ხმის მისაცემად. ასევე არანაირი რეაგირება არ ხდება კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ფოტო და ვიდეო გადაღებებზე, რაც არის ასევე კანონის დარღვევა” , – ამბობს ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩეველს მაღალი აქტიურობისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, გადამწყვეტია.