„ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება

347

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის რეგიონში საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება და „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებული, უბნიდან 100 – მეტრიანი რადიუსის შიგნით ახორციელებენ აგიტაციას.

მისივე განცხადებით, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

„ჩვენი ინფორმაციით, მასობრივად ხდება ბიულეტენების გაფუჭება, როდესაც ბეჭედს არ ურტყამენ ბიულეტენს და ხელს არ აწერენ. ასევე, აძლევენ გადახეულ ბიულეტენებს ამომრჩეველს, რომლებზეც ეეჭვებათ, რომ არიან ოპოზიციის მხარდამჭერები. ასევე, „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან, უბანზე დამკვირვებლად იმყოფებიან 100 – მეტრიანი რადიუსის შიგნით და იქ ახორციელებენ აგიტაციას, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირებულია ზუგდიდის მეშვიდე და 90-ე უბანზე“, – აღნიშნა წითლიძემ.