მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ორ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტების მიღებას ელოდება, მანამდე კი, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი არ შეჩერდება.
ილურიძის თქმით, აღნიშნული საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია, რა დროსაც, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათი პარტიი წევრი დაშავდა.
„პოლიტიკური პარტია „გირჩიდან” ოლქის წევრი ირაკლი ქველაძე ფოტო-ვიდეო გადაღების წესს არღვევდა, ის სამაგიდო სიას უღებდა, რაზეც კომისიის წევრმა მიუთითა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მოუვიდათ შეხლა-შემოხლა. ქველაძემ თქვა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მე თვითონ ჩავდექი მათ შუაში. ქველაძე ამბობს, რომ ტელეფონი წაართვეს, მასზე იძალადეს, ამ ფაქტს არ შევსწრებივარ.
არაფერი ჩაშლილი არაა, კენჭისყრა მიმდინარეობს, ამომრჩევლები მოდიან და ხმას აძლევენ. როცა პირველად მოვედი, მაშინაც არ შევსწრებივარ დაპირისპირების ფაქტს. მითხრეს, რომ ასე მოხდა. თავად თავმჯდომარეც უარყოფს ფიზიკურ დაპირისპირებას. ფაქტები უნდა დაიდოს და ფაქტების შესაბამისად მოხდება რეაგირება.
ახლა პროცესი ვერ გაჩერდება”,- განაცხადა ილურიძემ.