პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე 40-მდე საჩივარი დაიწერა.
როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომ დღეს, ზედმიწევნით შეასრულებს მის მიერ მიღებულ N55 დადგენილებას და ხმის დათვლისას ვიდეო საშუალებით განახორციელებს ბიულეტინის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირებას, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტინზე შემოხაზული. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ხდება აღნიშნული მოთხოვნის დაფიქსირება ჩანაწერთა წიგნში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მათ ხელს უშლიან ამ მოთხოვნის დაფიქსირებაში.
„მივმართავთ ცესკოს, ზედმიწევნით აღასრულოს კანონმდებლობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად. 12:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 40-მდე საჩივარი.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფში N35 უბანზე ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ნიშნავს. უფრო კონკრეტულად, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის დროს, კაბინაში მასთან ერთად იმყოფებოდა უცხო პირი, რომელიც აკონტროლებდა მის არჩევანს და აძლევდა მას მითითებებს.
გარდა ამისა, მასობრივად ფიქსირდება პროცედურული დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს წარმომადგენელებს შეზღუდული აქვთ შენიშვნების დაწერის შესაძლებლობა. შევახსენებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული შენიშვნები შეუძლია ასახოს ჩანაწერთა წიგნში. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს წარმომადგენელს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ასეთი ხელშეშლა წარმოადგენს კანონდარღვევას.
რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, ბუჩუკურის თქმით, დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის და ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი და შემთხვევები, როდესაც უბანზე განხორციელდა აგიტაცია.
„მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები ეხებოდა რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებელის მიერ ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებას, მათ შორის, რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის ბეჭდით განზრახ არდამოწმება, რაც შემდგომში ბიულეტენის ბათილობის საფუძველს ქმნის. საგანგაშოა, ასევე, რომ არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მარკირების შემოწმების სპეციალური ულტრაიისფერი ფარანი არ მუშაობს და არ ახდენს მარკირების შემოწმებას.
ზემოაღნიშნული ფაქტები ე.წ. კარუსელის შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტებია.
აღნიშნულის გარდა, მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს განხორციელდა მუქარა/ზეწოლის ფაქტი ჩვენი პარტიის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის 26-ე უბნის წარმომადგენლის მურმან ჩაჩანიძის წინააღმდეგ. კერძოდ, 1-ელ ოქტომბერს დაახლოებით ღამის 12-დან 2 საათის შუალედში, მურმან ჩაჩანიძეს სახლში მიადგა რამდენიმე შეიარაღებული პირი, სავარაუდოდ, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნულმა პირებმა მურმან ჩაჩანიძე ჩაისვეს ავტომობილში და წაიყვანეს გორის მიმართულებით. აღნიშნული პირები მურმან ჩაჩანიძეს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით), თუ არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს დილიდანვე საჯაროდ არ ჩააბარებდა წარმომადგენლის ბეიჯს და არ იმუშავებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ასევე, მას დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ დუგლაძის ძმა დავით დუგლაძე და მისცა მითითებები როგორ უნდა ემუშავა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ზემოხსენებული ფაქტი წარმოადგენს დანაშაულს, რომელზეც უნდა დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე“, – აცახდებს ბუჩუკური და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მოჯადოებული წრის გარღვევა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ არჩევანი მომავლის სასარგებლოდ. ჩვენ დავიცავთ თქვენ ხმებს“. – აცხადებს ანა ბუჩუკური.