ანა დოლიძის თქმით, უბანზე, სადაც ხმა მისცა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა გამოვლინდა

688

თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ უბანზე, სადაც ხმა მისცა, დარღვევები გამოვლინდა.

მისი თქმით, ბეღლეთის ქუჩაძე, 05.04 საარჩევნო უბანზე უბნის ბიჭები იდგნენ და ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ ფული ჩაერიცხებოდა.

“ეუბნებოდნენ, საქართველოს ბანკიდან გაშვებულია უკვე ფული, ლიბერთი ბანკიდან ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქართული ოცნების ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, ცვლილებას”. – თქვა ანა დოლიძემ.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.