არჩევანი ძალიან ადვილი იყო – ნიკა მელიამ არჩევნებზე ხმა მისცა

202

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მელიამ თავის არჩევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება მისთვის მარტივი იყო.

“ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს; ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში, სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები; ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, მე ვფიქრობ, რომ ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს”, — აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გუშინ, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო:

“წარმოვიდგინოთ, მხოლოდ სამი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. მე ვგულისხმობ გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ლილუაშვილი, აი, ამ სამი ადამიანის და სხვების და სხვების მმართველობა ვისაც არ სურს და სურს კოალიციური მმართველობა… თუ გსურთ, რომ მხოლოდ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში და ლურჯი ფერი იყოს და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციური კოალიციური მმართველობის ქვეშ და მხოლოდ ქართული ოცნება უნდა იყოს მმართველი, გასაგებია, თუ ასეთი ადამიანები შემორჩით, მხარს დაუჭერთ აი, იმ სამ ადამიანს, რომლებიც ცდილობენ შავზე თეთრი თქვან მუდამ უტიფრად, უსირცხვილოდ, თანაც ისე, რომ თავადაც არ სჯერათ. ამიტომ არჩევანი ძალიან ადვილი იყო”, — განაცხადა მელიამ.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.