წყალტუბოში ხმის მისულ ამომრჩევლებს ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გადატანილი დახვდათ.
საუბარია #49-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც საცხოვრებელ სახლში იყო გახსნილი. თუმცა, იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ მისი გადატანა სხვაგან მოუხდათ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
“ოჯახი გადავიდა თვითიზოლაციაში და მოგვიწია გადაწყობა, ახალი უბანი იქვე არის, ამომრჩეველი რომ არ დაბნეულიყო”, – ამბობს გიორგი ნიჟარაძე.
წყალტუბოში სულ 69 საარჩევნო უბანია, სადაც 50 489 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.
ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.