ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის დღევანდელ არჩევნებს 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება, რომელთა მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული დამკვირვებლების რაოდენობა 1 024-ია. აქედან, ყველაზე დიდი არის „ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის“ (OSCE/ODIHR) მისია, რომელსაც ოფიციალურად 516 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) 24 დამკვირვებლით და „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) ცხრა დამკვირვებლით. 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობს თვალს მიადევნებენ „ევროპის პარლამენტის“ ეგიდით რეგისტრირებული 14 და „ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ 27 მონიტორი.
სადამკვირვებლო მისიები ეყოლება ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. ყველაზე მრავალრიცხოვანი, 113 მონიტორი ჰყავს რეგისტრირებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.
არჩევნების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბრიტანეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, შვედეთის, ლიეტუვის, ბულგარეთის, ლატვიის საელჩოები, რომელთა უმეტესობაში დელეგაციებს თავად ელჩები ხელმძღვანელობენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად დარეგისტრირებული არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და საარჩევნო ადმინისტრაციების დელეგაციები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ხორვატიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, ინდოეთიდან, მალდივიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, უგანდიდან.
საკმაოდ დიდი სადამკვირვებლო მისია ეყოლება „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპულ ქსელს“ (ENEMO), რომელსაც 73 პირი ჰყავს რეგისტრირებული. 61 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება“ (ISHR) აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტს.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული არიან ასევე „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – GUAM“, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES) , „საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი“ (ICPS) , „სოციალ- დემოკრატიული პარტია, „რეფორმების დახმარების ცენტრი“, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“, „თავისუფლებისა და სოლიდარობის ფონდი“, „ევროპულ-დემოკრატიული პარტია“, ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტი, „პარტია პრო რომანია“, „ინფორმირებულ მოქალაქეთა გაერთიანება“.