არჩევნები დაიწყო – მოქალაქეები 64 მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს 2068 წევრს ავირჩევთ

302

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები, ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადით, 64 მუნიციპალიტეტის მერს და ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული წესით 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა ოთხი ერთზე იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, რა დროსაც კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები გაიმართა. უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 8 საათზე დაიწყო.

ამომრჩეველი ხმას 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე აძლევს, მათ შორის არის 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

კენჭისყრის შენობა 20 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.

თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.

თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ხელახლა გადაითვლება, რაც ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ია.

ეს არის სიახლე, რაზეც გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიიღეს.

კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით 5 საარჩევნო უბანი გამოავლინოს, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები გახსნას და საარჩევნო ბიულეტენები ხელახლა დათვალოს.

საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისას, არ გაითვალისწინება ის უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100-მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა დაუშვებელი იქნება.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი აკრძალვები იწყებს მოქმედებას.

კერძოდ, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალული იქნება.

ამასთან, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.