მიხეილ სააკაშილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ეთანხმება, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის ციხეში სააკაშვილი მოინახულა.
“როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას”, — განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, სააკაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მარტო იყო, მან თავად გაუღო სამართალდამცველებს კარი და წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებისას მის მიმართ მოპყრობა კი დამაკმაყოფილებელი იყო.
სააკაშვილის დაკავების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად გვამცნო.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა. თუმცა, საბოლოოდ, ის საქართველოში აღმოჩნდა და 1 ოქტომბრის საღამოს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.