რა ბედი ელის თემს და ქალაქს გაერთიანების შემთხვევაში

878

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, თითქმის ორი კვირა რჩება. არჩევნების შემდეგ, ქალაქსაც და თემსაც ერთი ხელმძღვანელი ჩაიბარებს, მას ისევ მერი ერქმევა, მაგრამ ის სოფლების მერიც იქნება და ქალაქისაც და თუ აქამდე 17, ან 20 ათას კაცს ხელმძღვანელობდა, ახლა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობაც გაორმაგდება.

საქართველოს მთავრობამ, 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გააუქმა და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. ეს გადაწყვეტილება, თავის დროზე, მთავრობამ იმით დაასაბუთა, რომ თვითმმართველობების დაყოფით ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა, ბიუჯეტი კი არა; ბიუჯეტები მხოლოდ ტრანსფერების ხარჯზე იზრდება, ამის ფონზე კი ხარჯვის ეფექტიანობა მცირდება; სოფელი და ქალაქი ხელოვნურად გაიყო და ახლა ისევ უნდა გაერთიანდეს.

მთავრობის ამ არგუმენტებს, სამოქალაქო სექტორმა, არაერთი არგუმენტი დაუპირისპირა, მათ შორის, დათვლილი ხარჯებიც; გავრცელდა არაერთი განცხადებაც; მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია.

დიდი საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს შვიდი ქალაქისთვის, მათ შორის ახალციხისთვის, თვითმმართველობის ოთხი წელი დასრულდა. ახალციხეში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რა დაკარგა ამ სტატუსის დაკარგვით ახალციხემ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. მათივე თქმით, გაცილებით დიდი დანაკლისი ექნებათ სოფლებს, რომლებსაც ცალკე გამოყოფის ოთხი წლის შედეგი იმაზე მეტად დაეტყოთ, ვიდრე ქალაქს.

„როცა ერთად იყო, ბიუჯეტის 80% იხარჯებოდა ქალაქზე და ვვარაუდობ, რომ გაერთიანების შემდეგაც ძირითადი თანხები დაიხარჯება ისევ ქალაქ ახალციხეზე. როდესაც მოხდა ბიუჯეტების გაყოფა, ამ შემთხვევაში სოფელმ უფრო იხეირა, იმიტომ, რომ სოფლებმა უკეთესად გამოიყენეს თანხები“, – ამბობს მარინე სუდაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი უმცირესობიდან, „ევროპული საქართველოს“ წევრი და ამატებს, რომ ეს შესაძლოა იმ ფაქტორის გამო იყო, რომ თემის ხელმძღვანელობას უკეთესი მენეჯმენტი ჰქონდა, – „თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესად არ შეიძლებოდა გამოეყენებინათ თანხები. ქალაქში ძალიან ბევრი პრეტენზიები მაქვს, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელს და ვფიქრობ, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ გამოიყენა ვერაფერი“.

იგი ფიქრობს, რომ უკვე გაერთიანებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც, პროპორციული სიით უფრო მეტი შევა, ვიდრე მაჟორიტარი და ეს მაჟორიტარებიც იქნებიან პარტიულები და გაატარებენ პარტიის პოლიტიკას, ადგილობრივ თვითმმართველობაში დაიჯარგება ხმა სოფლებიდან.

თემისა და ქალაქის გაერთიანებით, დეცენტრალიზაციის გზაზე ქვეყანა უკან რომ წავიდა, ამაზე უკვე აღარ საუბრობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი. იგი ამჯერად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, უშუალოდ ხალხს რა მოაკლდება იმით, რომ ახალციხის 45 დასახლებულ პუნქტსა და ქალაქსაც ერთი ხელმძღვანელი ეყოლება. ასევე, კანდელაკი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ ხელმძღვანელისთვის ფაქტობრივად ორმაგდება მის დაქვემდებარებაში მყოფ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა. შეგახსენებთ, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით, ახალციხეში – 17 903, ახალციხის სოფლებში კი 20 992 ადამიანი ცხოვრობს.

„გაერთიანების შემთვევაში, მოსახლოების რაოდენობა ორმაგდება და წვდომა მოქალაქეებს, განსაკუთრეით სოფლად მაცხოვრებლებს, უფრო გაუჭირდებათ. განა იმიტომ, რომ ადმინისტრაცია იქნება ახალციხეში, ეს ისეც ასე იყო, უბრალოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება უფრო მეტ ადამიანს უნდა მოემსახუროს; მეტის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს“, – ამბობს ექსპერტი.

კოტე კანდელაკი იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ გაერთიანება ფინანსურადაც ცუდად აისახება სოფლებზე.

„ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი ითხოვს, რომ უფრო მეტი თანხები ადმინისტრაციულ ცენტრში დაიხარჯოს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. სოფელი უფრო უყურადღებოდ დარჩება, გაჭრდება დაბალანსება, რაც ადრე ნაკლებად იყო და ეს დაემჩნა კიდეც“, – ამბობს იგი.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შიშებს არ იზიარებს თვითმმართველი თემის, ახალციხის პირველი გამგებელი ზაზა მელიქიძე, რომელიც ამჟამად, ახალციხის მერობის კანდიდატია მმართველი გუნდიდან. მას უჭირს იმის თქმაც, რომ გაყოფა ცუდი იყო, მაგრამ, ამბობს იმასაც, რომ არც გაერთიანებით დაშავდება რამე.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ თემისა და ქალაქის გაყოფას ქონების გამიჯვნა, შენობა–ნაგებობების და მიწების რეგისტრაცია მოჰყვა, რამაც გადასახადების საკითხი მოაწესრიგა და ბიუჯეტის შემოსავლები გაზარდა. გაზრდილმა ბიუჯეტმა კი ქალაქსაც და თემსაც სასიკეთო ცვლილებები მოუტანა.

განსხვავებით მარინე სუდაძისა და კოტე კანდელაკისგან, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ გაერთიანების შემთხვევაში ახალციხის ბიუჯეტს, რომელიც ახლა, ერთად აღებული (ქალაქისა და თემის), დაახლოებით 25 მილიონი ლარია, არაფერი აკლდება და შესაბამისად, არც სოფლები და არც ქალაქი ფინანსურად არ დაიჩაგრება: „ბიუჯეტების შემცრება არ მოხდება, როგორც ადგილობრივი შემოსავლების, ისევე ცენტრალური ბიუჯეტიდან და რეგფონდებიდან გამოყოფილი თანხები, რაც გამოიყოფოდა ორივე მუნიციპალიტეტისთვის, ეს გაერთიანდება და იქნება ერთი, მთლიანი ბიუჯეტი, ეს იქნება 25 მლნ–ზე მეტი და ასეთი ბიუჯეტი რეგიონში არცერთ მუნიციპალიტეტს არ ექნება“.

ტრანსფერი რომ არ მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტიც არ შემცირდება, ამ მოსაზრებას კოტე კანდელაკიც ეთანხმება.

„ერთი პლიუსი, რაც შეიძლება იყოს გაერთიანების შემდეგ, ტრანსფერის მოცულობა იგივე დარჩა, ბიუჯეტები იგივე დარჩა და თუ კადრების ოპტიმიზაციასაც მოახდენენ, ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა მოხდება. ეს კარგი იქნება, მაგრამ მეეჭვება, რადგან საქმე გაორმაგდება და კადრების და რესურსის დაზოგვა, შეიძლება საქმეს დააწვეს“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ
ზოგადად, როცა ქალაქი და თემი ცალ–ცალკე იყო, ორივესთვის უკეთესი იყო.

„იმიტომ, რომ ქალაქი კომპაქტურია, ხელისუფლება მხოლოდ ქალაქზე იყო ორიენტირებული და თანხასაც მხოლოდ ქალაქზე ხარჯავდა. ასევე, მოქალაქეების წვდომაც და ჩართულობაც, უფრო ადვილი იყო. ასევე იყო თემის შემთხვევაშიც, – გამგეობა ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სოფლებზე, სოფლის მოსახლეობის არჩეული იყო და გამგებელმაც იცოდა რა უნდა ეკეთებინა. და თუ, ვთქვათ, ამ რამდენიმე წელიწადში ვერ მოესწრო ყველა სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მნიშვნელოვანი ცვილილებები მაინც არის“, – ამბობს ექსპერტი.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე