გორის მერად, 2021 წლის 2 ოქტომბერს, კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. აქედან ერთი ქალია. ოთხ კანდიდატს შორის, ყველაზე მეტი და თანაც მრავალფეროვანი და სხვადასხვა პროფილის ბიზნესი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ვასილ მახარაშვილს აქვთ. დანარჩენ ორ კანდიდატს – ეთერ ჯალაღანიას და კონსტანტინე ანანიაშვილს არც ერთ კომპანიასთან აქვთ შეხება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ ოთხივე კანდიდატის მონაცემები მოვიძიეთ.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – “ქართული ოცნების” კანდიდატი.
კომპანიები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2017 წელს დაარსა კომპანია “გგ ჰოუმ” – იოსებ ფალელაშვილთან და ავთანდილ შოშიაშვილთან ერთად. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ხინჩეგაშვილის წილი ამ კომპანიაში – 50%-ი იყო. წესდების მიხედვით, კომპანია ავეჯის, ელექტროტექნიკისა და სამშენებლო მასალების რეალიზაციას ეწევა.
დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიიდან გავიდა იოსებ ფალელაშვილი, ხოლო მეწილეებს შორის გამოჩნდა დავით კარბელაშვილი და იოსებ ფალელაშვილის წილი მიიღო. ხინჩეგაშვილმა და შოშიაშვილმა მას გარკვეული წილიც დაუთმეს და ამჟამად კომპანია თითქმის თანაბრადაა განაწილებული 3 მეწილეს შორის.
იმავე, 2017 წელს დაარსა კომპანია ,,ფლოლეს ქონსთრაქშენ”, თევდორე მაყაშვილთან და ოქროპირ ჯიქურთან ერთად. წესდების მიხედვით, ეს კომპანია სამშენებლო მასალებს აქირავებს.
მომდევნო 2018 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაარსა სამშენებლო კომპანია ,,ჩემპიონი” – მამუკა არევაძესთან და გენო პეტრიაშვილთან ერთად. კომპანია თანაბრადაა განაწილებული დამფუძნებლებს შორის.
2018 წელს დაარსა კომპანია ,,რეფრეში” – წესდების მიხედვით, აღნიშნული კომპანია ვიტამინიზირებულ წყალს აწარმოებს. კომპანია აკაკი მოწონელიძესთან ერთად დაარსა და წილები თანაბრადაა განაწილებული.
2020 წლის 4 აპრილს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კომპანიამ ,,ლეგასი”, ცხვარიჭამიაში მიწის ნაკვეთი 2400 კვ. ფართობი, სახელმწიფოსგან შეიძინა. ეს კომპანია დაფუძნებულია 2020 წლის თებერვალში. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ამ კომპანიაში 34% წილი აქვს. ,,ლეგასი” წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაკავებულია ბინათმშენებლობით. მეწილეებს შორის გხვდება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი – გიორგი იანტბელიძე.
კომპანია “ლეგასის” მიწები აქვს ცხვარიჭამიაში, რომლის საერთო ფართობი 4727 კვ.მ. თავდაპირველად, საჯარო რეესტრში, კონკრეტულ მონაკვეთზე, ტყის ფართობზე ზედდების გამო, რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს. კომპანიამ ფართობები ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიიღო. 2020 წელს ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, გიორგი ფიცხელაურმა წერილობით დაადასტურა ტყის ფონდთან ზედდების ფაქტი, თუმცა ლადო ხინჩეგაშვილის მომდევნო მოთხოვნის შემდეგ, ფიცხელაური წერს, რომ არ არის წინააღმდეგი ნახაზში ცვლილება შევიდეს.
მიწები
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 2018 წლიდან, გორში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე 6129 კვ.მ ფართობს ფლობს (შენობა ნაგებობები და მიწა). ეს შენობა 2021 წლის 18 აგვისტოდან კომპანია ,,სერვის პლიუსს”” მიაქირავა, რომელიც საჯარო რეესტრის ცნობით, ავტომაღაზიას წარმოადგენს. ამ მაღაზიას ფლობს მერაბ გიორგაძე.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობას, კოდით 66.45.31.270, ის ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის ფორმით 2018 წელს გაასხვისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეიძინა.
2. 2021 წლის 4 აგვისტოს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (ამ დროს ის უკვე გორის მერობის კანდიდატია), გორის სოფელ ველებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. 1639 კვ.მ სახნავი მიწა მოქალაქე მარიამ ლაზარაშვილისგან იყიდა. ეს ნაკვეთი ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში ანა ხაჩირაშვილის საკუთრება იყო. ხაჩირაშვილისგან ლაზარაშვილმა 2021 წლის აპრილში შეიძინა, 3 თვის შემდეგ კი მიწის ახალი მფლობელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. (კოდი – 66.60.10.015 ).
3. 2020 წლის ზაფხულში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ლისის ტბაზე, მიწის ნაკვეთი აჩუქეს, თუმცა 513 კვ.მ ფართობი მიწა დაყადაღებული აღმოჩნდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 19 აგვისტოს მიმართა. თუმცა, რამდენიმე დღეში, საჯარო რეესტრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობა, რომ მიწა დაყადაღებულია, თანაც აღსრულების ეროვნულმა ბიუროს 19 აგვისტოს ბრძანებით. საჯარო რეესტრმა ჩუქება არ დაარეგისტრირა. კოდი – 72.16.23.971
4. 2019 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სოფელ ნადარბაზევში მემკვიდრეობით დარჩა 8975 კვ.მ ფართობი სახნავ-სათესი მიწა. ოღონდ ეს მიწა სერვიტუტის უფლებითაა დატვირთული. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკვეთს გაზის ტრანსპორტის კომპანია გაზსადენისთვის იყენებს. ასეთ შემთხვევაში, ნაკვეთის მეპატრონეები გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ.
5. 2018 წელს გორში, წმინდაწყალზე, შეიძინა 28 კვ.მ ფართი. იქ, სადაც ამჟამად ავტოსახელოსნოებია და ავტონაწილები იყიდება.
6. 2017 წელს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გორში, სამეფო ქუჩაზე ისტორიული შენობა გადასცეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ყოფილი საგამოძიებო სამსახურის შენობის მესაკუთრე გახდა, ოღონდ, საჯარო რეესტრის ცნობაში არ წერია, რომ შენობა გაყიდვის შედეგად გადასცეს. რეესტრის მიხედვით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეს შენობა გადასცეს. შენობის ფართობია 620 კვ.მ.
7. 2017 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ რეხაში იყიდა მიწის ნაკვეთი – 5002 კვ.მ ფართი. საჯარო რეესტრის რუკის მიხედვით, ამ მიწის ნაკვეთზე ხეხილის ბაღია გაშენებული.
8. უფრო ადრე, 2016 წელს თბილისთან ახლოს, წავკისის აგარაკებთან, იყიდა 1000 კვ.მ ფართობი მიწა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ბინები: გორში, ბარნოვის ქუჩა (მშობლიური ბინა), შეძენილი აქვს ბინა თბილიში გლდანის მე-5 მიკრორაიონში, დიღომში – კერძოდ, ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში და ასევე საბურთალოზე, ჟვანიას ქუჩაზე; დაბა ბაკურიანში, დიდველზე სასტუმროს კომპლექსში; სოფელ კევისხევში (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის სიახლოვეს) კი, – აგარაკი.
ვასილ მახარაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
ვასილ მახარაშვილი 2006-2007 წლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის კადრად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას”” გაემიჯნა, ვასილ მახარაშვილი დააკავეს. ის სხვებთან შედარებით მალე გამოუშვეს.
ვასილ მახარაშვილი რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა სფეროს – ესენია სამშენებლო მასალების რეალიზაცია, სოფლის მეურნეობა, მეფრინველეობა, ექსპორტ-იმპორტი, ხორცის გადამუშავება ა.შ.
ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ ვასილ მახარაშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ ისარგებლა სახელმწიფოს დაფინანსებით, კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტით.
რაც შეეხება ბიზნესკომპანიებს, ვასილ მახარაშვილმა, გია ედიშერაშვილთან და ვახტანგ მანძულაშვილთან ერთად, 2020 წელს დააფუძნა კომპანია ,,თანადგომა #1″”, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება.
ამავე წელს, ვასილ მახარაშვილმა დაარსა კომპანია ,,ლექსგრუპი””, რომლის ძირითადი საქმიანობა ქვა-ღორღის მოპოვება, ბლოკის წარმოება, ფილების დამზადება, სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვაა.
მან 2019 წელს დაარსა კომპანია ,,გდბ”” – მთავარი პროფილი ,,სოფლის მეურნეობა””, ასევე კომპანია ,,გვგ”, საქმიანობის სფერო” – იმპორტ-ექსპორტი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სწორედ ეს კომპანია სარგებლობდა სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით ხორცის გადამუშვების კუთხით.
ვასილ მახარაშვილი 2016 წლიდან ფლობს კომპანია ,,ახალ წისქვილს”” – მარცვლეული კულტურების ექსპორტ-იმპორტით.
2011 წელს ჩამოაყალიბა კომპანია ,,მეჯვრისხევის პლიუსი””, რომლის პროფილია მეფრინველეობა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2008-10 წლებში, გორში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე მისი სახლის ნახევარი ,,საქართველოს ბანკში”” იპოთეკით იყო დატვირთული.
2013 წლიდან იგი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის თანამესაკუთრე გახდა. ეს შენობა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც ჩამორთმეული იყო მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში.
ვასილ მახარაშვილს, როგორც საჯარო რეესტრშია აღნიშნული, უყვარს ბინების იპოთეკით დატვირთვა.
2015 წელს, გორში ,,ბალა ჰაუსის”” მშენებარე კორპუსში, განვადებით, ბინა იყიდა. 2016 წელს ასევე ამავე კორპურსში მანსარდი იყიდა, ბინის ფართობზე თითქმის ორმაგი. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყველა უძრავ ქონებაზე მონაცვლეობით იპოთეკური ვალდებულებები ჩნდება.
ეთერ ჯალაღანია -“ევროპული საქართველოს” კანდიდატი
,ევროპული საქართველოს”” კანდიდატი ეთერ ჯალაღანია ბიზნესს არ ფლობს. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისი სახელი არც ერთ იურიდიულ კომპანიას არ უკავშირდება. არც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.
მისი ქონება შემოფარგლულია საცხოვრებელი სახლით გორში, ბრწყინვალეს ქუჩაზე, რომელიც შეძენილია 2015 წელს. ასევე, ნაკვეთი და სახლი სოფელ ოლოზში, რომელიც შეძენილია 2013 წელს.
ეთერ ჯალაღანია ,,ევროპულ საქართველოს”” სახელით აქტიურად იყო ჩართული 2020 წელს.
საპარლამენტო არჩევნებში, მან და მისმა შვილმა 2020 წელს საკმაოდ სოლიდური თანხა შეწირა პარტიას: კერძოდ, ვახტანგ მარწყვიშვილმა – 34 990 ლარი შეწირა. ერთი წლით ადრე, 2019 წელს კი, თავად ეთერ ჯალაღანიამ პარტიას ასევე, 1 965 ლარი შეწირა.
კონსტანტინე ანანიაშვილი – “გახარია საქართველოსთვის”
კონსტანტინე ანანიაშვილის შესახებ საჯარო რეესტრში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა.
ფაქტობრივად, მისი სახელი რომელიმე კომპანიასთან ან რაიმე უძრავ ქონებასთან არ უკავშირდება.
საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, მხოლოდ ერთადერთი ბინა აქვს მითითებული ბოლო დეკლარაციაში.
ეს არის თბილისში, მუზაშვილის ქუჩაზე, კორპუსის ბინა.