ნიკა ობოლაძე: სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს

665

როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში ამ ყველაფერზე თვითონ სააკაშვილი მოგიყვებათ შემდეგ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.

როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, თვითონ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის საქართველოში იმყოფება.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. ახლა, მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართოს, ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, კონკრეტულად რომელ მომენტში, სად იყო და ა.შ. ამ ყველაფერზე თვითონ სააკაშვილი მოგიყვებათ შემდეგ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. ახლა, დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს,რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებთ. სააკაშვილი არის საქართველოში, გვაქვს ეს ინფორმაცია. 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს იმ განწყობის გათვალისწინებით, რაც აქვთ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, 70%-ს აღარ უნდა ცხოვრების ასე გაგრძელება და სურს ცვლილებები. სააკაშვილის მოსვლაც უკავშირდება ცვლილებების ხელშეწყობას და ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ არჩევნებზე.

ჩვენ არაფრის მტკიცება არ გვჭირდება, ვამბობთ, რომ სააკაშვილი არის საქართველოში და გამოჩნდა ვიდეობი, სადაც სააკაშვილი საუბრობს, რომ ის საქართველოშია. ამ ვიდეოებში ჩანს რომ ის საქართველოშია. ახლა, რასაც ვაპირებთ არის ის, რომ მივდივართ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ვიმარჯვებთ, ვნიშნავთ ვადამდელ არჩევნებს და ამ ქვეყანას გადაიბარებს ახალი ხელისუფლება”, – აცხადებს ნიკა ობოლაძე.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რა პოზიცია აქვს ამ ყველაფერთან მიმართებით თვითონ ნიკა მელიას, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატურის მოხსნას აპირებს, ობოლაძე განმარტავს, რომ მელიასთან დღეს კომუნიკაცია ჰქონდა და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.