საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.
პაპუაშვილმა ბრიფინგზე პარლამენტის მიერ გატარებულ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის.
„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან. დღეს პირველი ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს. ამ არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის. პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად: საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების ნაწილი გამრავალფეროვნდა და მასში ახლა ცხრა პარტია თანაბრად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს კომისიებში პარტიების ურთიერთკონტროლს – საუბნო საარჩევნო კომისიის 29 000 პროფესიული წევრიდან 99.9 % არჩეულ იქნა ოპოზიციის მონაწილეობით, რაც ადასტურებს საარჩევნო კომისიის მიმართ მრავალპარტიულ ნდობას;
დაწესდა უბნებთან 100-მეტრიანი პერიმეტრი, სადაც აკრძალულია მოქალაქეთა შეკრება, რაც უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს; მოხდება უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა, რაც დათვლის შედეგების კონტროლთან ერთად, უზრუნველყოფს დარღევების პრევენციას;
განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ვიდეოფაილების ინტერნეტში ღია წვდომისთვის ატვირთვა, რაც ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს ნებისმიერი უბნის ვიდეოჩანაწერის მეშვეობით გადათვლის შესაძლებლობას; თბილისში, კრწანისის რაიონში, პილოტირებას გაივლის ბიულეტენების ელექტრონული მთვლელები, რაც სამომავლოდ, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია. კიდევ ბევრი სხვა ცვლილება, რომელიც არავის მისცემს ამ არჩევნების შედეგების დისკრედიტირების შანსს.
დღეს, ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინოთ, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით – „საარჩევნო პორტალი 2021“ – სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.