ასპინძის მუნიციპალიტეტში 2021 წლის არჩევნებისათვის ორი მერობის კანდიდატია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამარჯვებისთვის გიორგი გიორგაძე იბრძვის, „ქართული ოცნების“ სახელით კი როსტომ მაგრაქველიძე. მათი ძირითადი დაპირება მოსახლეობისათვის სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტურუქტურის მოწესრიგება და ადგილობრივების დასაქმებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩემი პირველი დაპირება, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის დასრულებაა. მეორე იქნება ადამიანების დასაქმება და მესამე ახალგაზრდების ჩართულობა იმ კრიტერიუმში, რაც მათთვისაა განკუთვნილი. შეხვედრისას მოსახლეობა ითხოვს გაზს, წყალს, დენს და სოციალური პრობლემების მოგვარებას. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას რაც აუცილებლად მოხდება ჩემი მერობის შემთხვევაში“,– გვითხრა გიორგი გიორგაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებში ადგილობრივების აქტიური ჩართულობა.
„ჩემთვის მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უნდა მოხდეს ადამიანების ჩართულობა იმ კვალიფიციური გამოცდილებით რაც მათ აქვთ“.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ასპინძაში მოქმედი მერი, როსტომ მაგრაქველიძეა. მისი თქმით, მოსახლეობა თავად ეუბნება თუ რა საჭიროებები აქვთ და ამის შემდეგ ადგენს პრიორიტეტულ გეგმას.
„მოსახლეობას მე იმას ვპირდები, რაც მათთვის პრიორიტეტულია და რაც ჭირდებათ. მათთან კონსულტაციების შედეგად ვიღებთ ინფორმაციებს და ვპირდებით მის შესრულებას. ვპირდები გაზიფიცირებას და ვპირდები წყალმომარაგებას. გასულ წელს გავაგაზიფიცირეთ 6 სოფელი, წელს იგეგმება 4 სოფლის დაპროექტება და ასე გავაგრძელებთ. ეს არის მათი ძირითადი მოთხოვნები. ჩემს პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა რომ მე გაცემული დაპირება არ შემესრულებინა, ეს შეგიძლიათ თვითონ მოსახლეობასაც კითხოთ.“
როგორც როსტომ მაგრაქველიძე გვეუბნება, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ მოთხოვნებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და კვლავ გრძელდება.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე დაწყებული გვაქვს და გავაგრძელებთ. შეგიძლიათ ნახოთ ასპინძის სკოლები, ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაგა–ბაღებს. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს. აუთვისებელი რესურსი არის ტურიზმი, ახალგაზრდებთან შეხვედრები და მათი დასაქმება, მე მაქვს ბოლო 2 წელია ახალგაზრდების სპეცპროექტები, მედალოსნების დაჯილდოება, ფულადი დახმარება. სტიპენდიები, მაღალმთიანობა. მე 2020 წელს შევძელი და ჩემი მუნიციპალიტეტი სრულიად მაღალმთიანი სტატუსით სარგებლობს. ჩვენ ხალხს იმას ვპირდებით რასაც დაგვიკვეთავენ რომ შევუსრულებთ, ეს არის ჩვენი დაპირება“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.