თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება, – ამის შესახებ სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის არანაირი სარგებელი არ არის იმაში, რომ პარტიები, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ერთმანეთთან მუდამ ასეთ დაპირისპირებაში იყვნენ.
„ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ“, – განაცხადა შაჰინმა.
შაჰინის გარდა საქართველოში პოლიტიკურ მოთამაშეებს მშვიდ გარემოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონიც.
„ჩვენ მოგვდის სამწუხარო ცნობები მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებულ დაშინებებზე. იმაზე, რომ ისინი კანდიდატებს არჩევნებიდან გათიშვისკენ დაშინებით უბიძგებენ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო გარემოთი. უშუალოდ არჩევნების დღეს, გვსურს ვიხილოთ სიმშვიდე და ამომრჩევლისთვის უსაფრთხო გარემო. არჩევნების შემდეგ კი, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გვსურს ვიხილოთ სრულად გამჭვირვალე გამოძიება. საბოლოო ჯამში – და ეს ნებისმიერ დემოკრატიაში ასეა – ხალხს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. დემოკრატია მხოლოდ ასე მუშაობს. მოხარული ვარ, შევუერთდე სენატორ შაჰინს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ორპარტიული მხარდაჭერის საჩვენებლად. ჩვენ არ ვირჩევთ რომელიმე ერთ პოლიტიკურ მხარეს, მაგრამ ჩვენ უდავოდ მოვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ – სამართლიან პროცესს”, – აცხადებს ის.
მისივე თქმით, თუ ქვეყანა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვერ შეძლებს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი ვერ იხილავს პროგრესს, რომლის დანახვაც სურს სტაბილური დემოკრატიისა და დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თვალსაზრისით.
„ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთს სურს, საკუთარი მეზობლების ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის გამოწვევა. მათ არ სურთ სამეზობლოში წარმატებული დემოკრატიები, რადგან ეს ცუდად აისახება რუსეთზე. თუ საქართველო ვერ შეძლებს ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და თუ არჩევნებს დამკვირვებლები სამართლიანად და თავისუფლად არ შეაფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით გართულდება ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მიზნის შესრულება, რაც მდგომარეობს დასავლეთთან ინტეგრაციაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და თითოეული მოქალაქის უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში ცხოვრებაში,”- განაცხადა რონ ჯონსონმა.