კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 03 აგვისტოდან 02 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა.
მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.
6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.
მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციით და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული.
უფრო დეტალურად, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ აშუქებდა ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის აქტივობას. დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები: მიუკერძოებლობა, ბალანსი, ნეიტრალური ტონი; მაუწყებელზე შუქდებოდა, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობები. ადგილი არ ჰქონია ვიზუალურ და აუდიო მანიპულაციებს. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ : საქართველოს მთავრობა – 23.7% (პოზიტიური – 11%, ნეგატიური – 2%), „ქართული ოცნება“ – 21.9% (პოზიტიური – 25%, ნეგატიური – 12%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 9.3% (პოზიტიური – 5%, ნეგატიური – 5%), „მესამე ძალა“ – 7.5% (პოზიტიური – 33%, ნეგატიური – 5%), „ლელო“ – 7% (პოზიტიური – 27%, ნეგატიური – 1%), „გახარია – საქართველოსთვის“ – 6.6% (პოზიტიური – 10%, ნეგატიური – 12%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები.
„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და მშვიდ ტონში. წამყვანები და ჟურნალისტები მაქსიმალურად იცავდნენ ობიექტურ მიდგომას ყველა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. ხდებოდა როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობების გაშუქება. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 40.5% (პოზიტიური – 60%, ნეგატიური – 24%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 22.7% (პოზიტიური – 71%, ნეგატიური – 5%), „გახარია – საქართველოსთვის“ – 5.8% (პოზიტიური – 60%, ნეგატიური – 11%), საქართველოს მთავრობა – 5.6% (პოზიტიური – 31%, ნეგატიური – 15%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები.
„ტელეიმედის“ ეთერში გამოიკვეთა პოზიტიური დამოკიდებულება მთავრობასა და „ქართული ოცნების” მიმართ. ამავდროულად იკვეთებოდა აშკარა ნეგატიური ტონი ოპოზიციის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართ. სიუჟეტებში შეინიშნებოდა ტენდენცია, სადაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით წარმოჩენილი იყო მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პოზიცია, მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეზღუდული რაოდენობით ან საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილნი. სიუჟეტები გაჯერებული იყო ოპოზიციური პარტიების კრიტიკით, სადაც კრიტიკის ავტორებს როგორც სიუჟეტში მონაწილე პირები, ისე სიუჟეტის ავტორი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანები წარმოადგენდნენ. საანგარიშო პერიოდში, პირდაპირ ეთერსა და საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდებოდა პარტია „ქართული ოცნების” მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში კანდიდატების წარდგენის ღონისძიებები. პირდაპირ ეთერში შუქდებოდა პარტია „ქართული ოცნების” წევრთა ბრიფინგები და განცხადებებიც, მაშინ, როდესაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ღონისძიებებს თითქმის არ ეთმობა პირდაპირი ეთერი. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება – 48.2% (პოზიტიური – 71%, ნეგატიური – 3%), საქართველოს მთავრობა – 20.1% (პოზიტიური – 31%, ნეგატიური – 1%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 11.3% (პოზიტიური – 2%, ნეგატიური – 64%), ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„რუსთავი 2“ მიმდინარე მოვლენებს მეტწილად ეთიკური სტანდარტების დაცვით აშუქებდა. ჟურნალისტების ტექსტებში წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება. მონიტორინგის პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიტიური ან ნეგატიური ტონი კი უმეტეს შემთხვევაში თავად პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ. მაუწყებელი აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო შეხვედრებს და კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებების გაშუქებას ყველაზე მეტი დრო ეთმობოდა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას სიუჟეტებში „ქართული ოცნების” წარმომადგენლები სარგებლობდნენ როგორც პირველი, ასევე, დასკვნითი სიტყვის უფლებით. შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენა და მთავრობის აქტივობები ერთ სიუჟეტად შუქდებოდა, რასაც შესაძლოა მაყურებლისთვის გაერთულებინა სამთავრობო აქტივობების გამიჯვნა „ქართული ოცნების“ საქმიანობისგან. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება – 38.4% (პოზიტიური – 51%, ნეგატიური – 6%), საქართველოს მთავრობა – 21.6% (პოზიტიური – 39%, ნეგატიური – 2%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 11% (პოზიტიური – 16%, ნეგატიური – 34%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„ტელეკომპანია პირველი“ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის მიმართ მკვეთრად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა, ასევე, ნათლად გამოჩნდა ლოიალური განწყობები ოპოზიციის მიმართ. თითქმის არ ხდებოდა საარჩევნო აქტივობის გაშუქება. თვალშისაცემი იყო რეპორტაჟების ავტორების დეკლარირებული უარყოფითი და ირონიული განწყობები „ქართული ოცნების“ მიმართ. ადგილი ჰქონდა ყალბი ახალი ამბების გავრცელებას, რომლებიც მხოლოდ ვარაუდებზე იყო დაყრდნობილი. პრობლემად რჩება წამყვანების მხრიდან გაურკვეველი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის უტყუარ რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რამაც შესაძლოა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას შეუწყოს ხელი.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები მიკერძოებული და დაუბალანსებელი იყო. ეთერი მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეთმობოდათ. წამყვანები ხელისუფლებას ღიად უპირისპირდებოდნენ. მათი ტექსტები მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ტონით და ირონიით იყო გაჯერებული, ემუქრებოდნენ ხელისუფლებას „დამთავრებით“, ღიად ემხრობოდნენ ოპოზიციურ კანდიდატებს და პირდაპირ ეთერში უსურვებდნენ მათ გამარჯვებას. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება – 28.8% (პოზიტიური – 2%, ნეგატიური – 64%), საქართველოს მთავრობა – 18.8% (პოზიტიური – 3%, ნეგატიური – 47%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 10.6% (პოზიტიური – 2%, ნეგატიური – 16%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„მთავარ არხზე“ მკვეთრად დადებითი და მიკერძოებული დამოკიდებულება დაფიქსირდა ოპოზიციის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ მიმართ. ფიქსირდებოდა ტენდენცია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრების გაშუქების დროს, არხი ძირითადად პარტიას აკრიტიკებდა და ამ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაზე საერთოდ არაფერს ამბობდა. წამყვანების მხრიდან ირონიული დამოკიდებულება გვხვდებოდა მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. ამავე დროს, არხი სისტემატიურად უთმობდა პირდაპირ ეთერს ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, „ელენე ხოშტარია – დროას“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“’.
ხშირი იყო სიუჟეტები, სადაც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ, მათ კი საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლეოდათ. იყო შემთხვევები ყალბი ახალი ამბების გადმოცემის, რომელშიც უსაფუძვლო ბრალდებები და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაცია იყო გადმოცემული.
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას, ისმოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, პირდაპირი მხარდაჭერა ოპოზიციური ძალების მიმართ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ნაციონალური მოძრაობა“ – 27.6% (პოზიტიური – 26%, ნეგატიური – 3%), „ქართული ოცნება“ – 20.2% (პოზიტიური – 0%, ნეგატიური – 79%), საქართველოს მთავრობა – 19.8% (პოზიტიური – 0%, ნეგატიური – 64%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.
2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეთოდოლოგია და ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.