ოპოზიციის ნაწილის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნებში მარცხდება, და „მამუკა მდინარაძე კი ჭორაობს“.
“მდინარაძე მაბრალებს, რომ ბათუმში 20 უბნის ჩაშლას პირადად ვხელმძღვანელობ და მე ვაორგანიზებ. „ოცნების“ შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია ჩვენც გვაქვს. ზუსტად იციან, რომ ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან და მერის არჩევნებში პირველივე ტურში დაასრულებენ ბრძოლას. ამასთან იმ სიძულვილის ბანერებს, რომლებიც ბათუმში გამოგვიკრეს, ყველამ კარგად ნახა, რომ უკუეფექტი ჰქონდა მათთვის და მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა. ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა დღეს მდინარაძე. ჩვენ, გუშინ გავასაჯაროვეთ მათი ოფისის ინფორმაცია, როგორ უზით ოფისში შსს-ს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, კომისიის თავმჯდომარეები და სამაგიდო სიებს როგორ გადიან სათითაოდ იმის გამო, რომ ვინ ვისთან შეიძლება მივიდეს ზეწოლისთვის. პირდაპირ შსს და კრიმინალური ავტორიტეტები ერთად ჰყავთ ჩართული უბნებში სიტუაციის დასალაგებლად. ეს ფოტოკადრები კი არ არის მხოლოდ. შესაბამისი ოქმები გავასაჯაროვეთ ჩვენ, რომელიც მათივე წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.