ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიურ საკონსულტაციო ფორუმს მასპინძლობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფორუმში 48 ქვეყნის 500-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას, საერთაშორისო ღონისძიების თემატიკა „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“არის.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ფორუმი ქუთაისისთვის ახალი შესაძლებლობების და მორიგი წარმატებების მომტანი იქნება.
„ეს ფორუმი ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ქუთაისს მიეცა ახალი შანსი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი ღირსებები და შესაძლებლობები.
გვჯერა, ფორუმის თითოეული მონაწილე და სტუმარი გაიცნობს და შეიყვარებს ქუთაისს, იმერეთს და პანდემიის დასრულების შემდეგ არაერთხელ გვესტუმრებიან.
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქალაქი ყოფილიყო ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მასპინძელი.
დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ახალი შესაძლებლობების და მორიგი წარმატებების მომტანი იქნება ქუთაისისთვის.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმის მონაწილეებს წარმატებულ და საინტერესო დღეებს ვუსურვებ”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
„პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ ფორმატში იმართება, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სამდივნოს თანამშრომლობით ხორციელდება.
29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, არაერთი საინტერესო მოხსენება, პრეზენტაცია და კვლევა იქნება წარმოდგენილი, ასევე დისკუსიები გაიმართება და შეფასდება ფორუმის მუშაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.