რას ჰპირდებიან ახალციხის მერობის კანდიდატები მოსახლეობას

341

სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფა, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის განვითარების გენ–გეგმა და სოფლებში ინფრასტრუქტურის გამართვა – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტში, მერობის კანდიდატები მოსახლეობას ჰპირდებიან. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ახალციხის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

მერობისთვის მებრძოლი ექვსი კანდიდატიდან, წინასაარჩევნო პროცესში ყველაზე ნაკლებად ჩართული და პროცესის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი, მიხეილ კეთილაძეა. მას წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის და სააგიტაციო მასალისთვის ფინანსები არ აქვს. იგი არც გამარჯვებას ელის და ამბობს, რომ მომავალში, მოქალაქეებთან თანადგომას, კვლავ არასამთავრობო სექტორიდან შეეცდება.

„უთანასწორო ბრძოლაში, სადაც ფული ტრიალებს, იქ გამარჯვების შანსი არ არსებობს. კარდაკარ დადიან და ნაყიდი აქვთ (ხმები). ხალხი კიდევ იყიდება… არ ვთვლი, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება. ფულიანი და უფულო კანდიდატი იქნება ერთად?! ნამდვილი არჩევნები იცით როგორი უნდა იყოს?! ყველა კანდიდატი უნდა იყოს ჩემსავით (უფულო). მერე ვნახოთ როგორ მოიგებენ. მომავალში, მოსახლეობა ისევ ჩემთან მოვა ნებისმიერი იურიდიული საკითხის გადასაწყვეტად, მეც ისევ მივალ მერთან თუ სხვასთან, ამის მოსაგვარებლად“,– ამბობს მიხეილ კეთილაძე.

მიხეილისგან განსხვავებით, გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ირაკლი ლაზარაშვილი. მისი თქმით, ქალაქსა და სოფელს განვითარებისთვის რეალისტური გეგმა სჭირდება, რომელიც ინფრასტრუქტურულ და სოციალურ სფეროებს შეეხება.

„მნიშვნელოვანია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც ყველასთვის იქნება სახელმძღვანელო. მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ერთ–ერთი უმთავრესი საკითხი გამართული სატრანსპორტო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაა. თანამედროვე მუნიციპალურ ტრანსპორტზე საუბრისას, ვგულისხმობთ, რომ ის მორგებული იქნება შშმ პირებზეც. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვესაუბროთ ხალხს და მოვისმინოთ მათი აზრი.  მნიშვნელოვანია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგება, საბავშვო ღია და დახურული სივრცეების შექმნა. საჭიროა ცენტრალური პარკის მსგავსი ტიპის ობიექტის შექმნა. ახალციხეში საკმაოდ დიდი რესურსი აქვს მწვანე სივრცეების, ზოგან უბრალოდ მოწესრიგებაა საჭირო, რაც მცირე დანახარჯებით შესაძლებელია მოხდეს“, – აცხადებს ირაკლი ლაზარაშვილი.

ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატის, გიორგი არველაძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას სამართლიანობის განცდა დაუბრუნდება.

„ამ უთანასწორო ბრძოლაში, ვცდილობთ შედეგის დადებას. ჩვენს ამომრჩეველს აშინებენ, ავიწროებენ. მე, როგორც ერთი რიგითი ახალციხელი, მოვდივარ ახალციხელების მხარდაჭერით, მათ მხარდასაჭერად. მოსახლეობასთან შეხვედრებისას, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა გამოიკვეთა. მათ კომუნიკაცია  საერთოდ არ აქვთ ხალხთან! ჩვენი მხრიდან ყველანაირი ენერგია და რესურსი დაიხარჯება, რათა ადგილობრივებმა იგრძნონ, რომ მერი და თვითმმართველობა მათ გვერდში უდგათ. ვიყავი რამდენიმე ისეთ სოფელში, სადაც გზები საერთოდ არ არის! ერთ–ერთი ყველაზე წაქცეუული სოფელი არის თისელი, სადაც არც გზა და არც ტრანსპორტია–სიდუხჭირის პიკი! ვგეგმავთ, რომ სარწყავი და სასმელი წყლის, ასევე ტრანსპორტის საკითხი მოგვარდეს. სოციალურად დაუცველ ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ, მათ შორის ინფორმირებულობის. არ იციან, რომ მათ ეკუთვნით ქირა, ჯანდაცვის პროგრამებიდან დახმარება–საერთოდ არ არიან საქმის კურსში. ჩვენი ხედვა არის, რომ მოხდეს ბიზნეს სექტორის დახმარება/ხელშეწყობა და ადამიანების მოტივირება, რომ მეტი ჩაერთოს ბიზნესში და დასაქმდეს. წინასწარ, ისეთ დაპირებებს, როგორსაც მმართევლი პარტია იძლევა, არ ვამბობთ ჩვენ.  9 წელია უკვე მთავრობაში არიან და სოფლებში საჭმელი და სასმელიც კი არ აქვს ხალხს“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი.

მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას პირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, დათო ბალიაშვილიც. იგი ამბობს, რომ გარდა გზების, სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემისა, სოფლის მეურნების ხელშეწყობაც უნდა მოხდეს, რათა მოსახლეობას სხვადასხვა კულტურების თესვა და მოყვანა გაუმარტივდეთ.

„ყველაფერს მოვასწრებთ და გავაკეთებთ, რადგან ჩვენ სკამებისთვის არ მოვდივართ– ჩვენ გვინდა  ჩვენი ახალციხის აღორძინება და სოფლების გაძლიერება. წელს გაუუბედურდათ მოსახლეობას მოსავალი, რადგან არც ტრაქტორები ჰქონდათ და არც სახნავი გუთნები. მათ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ მათივე ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ყველა სოფელში თუ არა, 3–4–ში მაინც, თითო კომბაინი უნდა იყოს. ყველა სოფელში სასმელი და სარწყავი წყალი უნდა გაკეთდეს. ასევე, სარწყავი წყლის ფული არ უნდა გადაიხადოს არც ერთმა გლეხმა. პირველ რიგში მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა გამოსწორდეს, რაც საუბედუროდ არ არის ნორმალური, ჩვენს ქალაქში. ახალგაზრდებს ვპირდები, რომ მათთვის იქნება გასართობი ცენტრები. სკოლამდელი დაწესებულებებში დასაქმებულებს ხელფასი 50%–ით უნდა მოემატოთ. სოციალურად დაუცველებს უნდა გამოუსწორდეთ კვება. შევისწავლით ვის როგორ უჭირს და ამის მიხედვით დავეხმარებით. ამომრჩეველს ვეტყვი, რომ ყველა მოვიდეს არჩევნებზე, საარჩევნო ყუთთან და შემოხაზოს ხუთი“, – აცხადებს დათო ბალიაშვილი.

მოსახლეობის საჭიროებების შესწავლას გეგმავს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ზურა სადათიერაშვილიც. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მომავალი პროექტები ადგილობრივების საჭიროებებს უნდა მოერგოს და ხარჯების სწორი მართვა განხორციელდეს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობა ეფექტურად მუშაობდეს.

„უნდა მოხდეს ხარჯების სწორი მართვა. პირველ რიგში, მუნიციპალიტეტების საჭიროებების კვლევა უნდა ჩატარდეს და განვითარების გეგმა შემუშავდეს. ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა შესაძლებელია ადგილობრივი გადასახადების შემცირებით, ინვესტიციების მოზიდვით. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სოციალური პაკეტები, მოგვარდეს სარწყავი და სასმელი წყლის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები. უნდა მოხდეს სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება. რადგან ორივეს განვითარებაა საჭირო. ახალგაზრდების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათთან შეხვედრებია საჭირო და ისე მოგვარება საკითხის. მათგანაც უნდა მოდიოდეს ინიციატივები. ჩემი ღრმა რწმენით, ახალი საკრებულო იქნება ჭრელი და კონკურენტული და მისი მუშაობა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამომრჩეველთან ჩემი უპირველესი სათქმელია, რომ ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში რჩება მარტო და მისი გადასაწყვეტია აპირებს ისე ცხოვრებას, როგორც ახლა ცხოვრობს, თუ სურს, რომ რაიმე შეცვალოს მომავლისთვის. ეს არის მათ ხელში. უნდა მივიდნენ არჩევნებში და აუცილებლად გააკეთონ სწორი არჩევანი რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატზე“,– ამბობს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი.

სოფლებისა და ქალაქის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ პრობლემად, პარტია „ლელოს“ კანდიდატი, მანუჩარ ჩაჩანიძე, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს და ამბობს, რომ მოსახლეობა, მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის ზეწოლის მიუხედავად, მაინც გამოხატავს უკმაყოფილებას ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.

„მთავარი ბოროტება („ქართული ოცნება“), პრობლემა რაც არის– არ უნდათ. 41 –ის პლაკატები ჩამოხეულია და არ უნდათ! მოსახლეობა ყველგან იმას გვეუბნება, რომ უყურადღებოდ არიან დარჩენილი და მათთან არავინ მიდის, რადგან ყველას მხოლოდ კაბინეტები აინტერესებს. სოფლებში არც წყალია, არც გზა და სოფლის მეურნეობაც არ არის განვითარებული. გლეხებს, ვისაც მიწა აქვთ, ყიდიან და გარბიან სოფლიდან. დიდი გადინებაა სოფლიდან. გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ახლა დავდივარ სოფელში, ისე ვივლი მომავალშიც. არჩევნებში გავიმარჯვებ თუ ვერ გავიმარჯვებ, მაინც ვგეგმავ, რომ სოფლებში გავაკეთო კოოპერატივები, რომ სოფელს დავანახოთ ნამდვილი საჭიროება და სოფლის მეურნეობის განვითარებაში შევუწყო ხელი. მსურს, რომ სოფლებმა თავისი ბიუჯეტი თვითონვე მართონ და ამაში ბუღალტრულად და იურიდიულად მე დავეხმარები, რომ კანონის ჩარჩოებში მოხდეს აღნიშნული. ახალციხესთან მიმართებაში დეცენტრალიზაცია გვაქვს პრიორიტეტი, ასევე განათლების ხელშეწყობა. საჭიროა გენ–გეგმის გაკეთება, რომელიც ახალციხეს დიდი ხანია უკვე რაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს“,–აცხადებს მანუჩარ ჩაჩანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის N37 საარჩევნო ოლქში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 10 პარტია იღებს მონაწილეობას. მათ უმრავლესობას, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. მერობის კანდიდატი კი მხოლოდ ექვსმა დაარეგისტრირა. როგორია წინასაარჩევნო გარემო და რატომ უწევთ კანდიდატებს დაძაბულ ვითარებაში კამპანიის წარმართვა – იხილეთ სტატია.