ვაშაძე: ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, წინასაარჩევნო კვლევები უნდა აიკრძალოს

356

ხალხის ნების წინააღმდეგობა არ გაბედოს არავინ. ყველას მტერი ვიქნები, პირდაპირ ვამბობ, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძე პოლიტიკოსებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს.

„კეთილსინდისიერება პოლიტიკაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ფუნდამენტი სწორედ ეს არის. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სამართლიანად კეთილსინდისიერად მოვიქცეთ და ხალხის ნების წინააღმდეგობა არ გაბედოს არავინ, ყველას მტერი ვიქნები, პირდაპირ ვამბობ, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და ეს ნება გამოხატული უნდა იყოს 2 ოქტომბერს არჩევნების გზით, საარჩევნო უბნებთან და ამ შედეგს უნდა დაემორჩილოს მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამომავლოდ წინასაარჩევნო კვლევები უნდა აიკრძალოს.

„ეს კვლევები არის ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების ტვინზე ძალადობა და შტურმი და უნდა დამთავრდეს ეს ძალადობა და შტურმი. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, არჩევნებამდე რაღაც პერიოდით ადრე უნდა აიკრძალოს კვლევებით ჭრა-კერვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს არის აბსოლუტურად აცდენილი ყველა იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. ახლა ჩამოვედი დასავლეთ საქართველოდან და განწყობები აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე კვლევებში არის. მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება და ყველა ამ ხალხის ტვინზე მოძალადეს უნდა გაეცეს პასუხი 2 ოქტომბერს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.