“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივრის საფუძველზე “ოცნების” მერობის კანდიდატი, გიორგი წიკლაური და N26 საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ ასევე, სამართალდამრღვევად ცნო ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი და მათ მიმართ ადმინისტრაციულ სახდელად გაფრთხილება გამოიყენა. საქმე სკოლის მასწავლებლების და სკოლის ჩართულობით აგიტაციას ეხებოდა.
“1 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მერობის კანდიდატმა გიორგი წიკლაურმა, სოფელ ქოსალარის სკოლის დირექტორთან და ამავე სკოლის მასწავლებლებლებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე და საუბნო კომისიის წევრები, განახორციელა სოფელ ქოსალარის ამომრჩეველთან წინასაარჩევნო აგიტაცია, რაც აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე 48-ე მუხლების შესაბამისად.
ფაქტის მტკიცებულება, წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, მოპოვებულ იქნა გიორგი წიკლაურის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან, სადაც კანდიდატმა თავის გვერდზე თვითონვე გააზიარა წინასაარჩევნო აგიტაციის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა, აღნიშნულ ფოტომასალაზე ასახული იყო, მერობის კანდიდატი, პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და N 23 საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე და წევრები”, – წერს არასამთავრობო.
სასამართლომდე კი “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” აღნიშნული ფაქტი საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა, თუმცა დამკვირვებლის მოთხოვნა საოლქომ არ დააკმაყოფილა, რადგან კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა განხილვისას განმარტეს, რომ სოფელში გასვენებაში იყვნენ, საიდანაც შემთხვევით მოხვდნენ ადამიანების შეკრებაზე, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ წინასაარჩევნო შეკრებაზე ყოფილან.