პირი, რომელმაც ბანერები გააკრა, ვალდებულია, წარადგინოს დეკლარაცია აუდიტის სამსახურში ან განახორციელოს არაფულადი შემოწირულობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რაც ამ დრომდე არ ფიქსირდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ აუდიტის სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დონაძემ „სისხლიანი ბანერების“ შესახებ აუდიტის სამსახურში წერილი შეიტანა.
„ევროპული საქართველო“ მიმართავს აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლოს ე.წ. სისხლიანი ბანერების საქმე. აღნიშნული ბილბორდები, რომელიც გაიკრა საქართველოს მასშტაბით 17 სექტემბერს, არა მხოლოდ სიძულვილის ენას წარმოადგენს, ამას გარდა არის პოლიტიკური შინაარსის. ისინი გაიკრა საარჩევნო პერიოდში, პლაკატზე დატანილია სლოგანები, რომელიც მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა არ მისცენ ოპოზიციურ პარტიებს, ასევე ბილბორდებზე გამოსახული არიან არჩევნებში მონაწილე პარტიების თავმჯდომარეები და საარჩევნო სუბიექტები, მერობის რამოდენიმე კანდიდატი. გამომდინარე აქედან, როდესაც ბილბორდი, პლაკატი ან სხვა სააგიტაციო მასალა შეიცავს საარჩევნო მიზნებს, ეს წინასაარჩევნო ბანერი უნდა იყოს დეკლარირებული. აგრეთვე, რადგან ზედ დატანილია სლოგანი, რომელიც მოუწოდებს, რომ არ მისცენ ხმა ოპოზიციას, ეს ავტომატურად ითვლება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. გამომდინარე აქედან, ადამიანს, ვინც გააკრა, მიხეილ გაბრიაძეს უნდა მოეხდინა ამ ყველაფერის დეკლარირება აუდიტის სამსახურში. ასევე პოლიტიკური შინაარსის შემცველ ბილბორდზე აუცილებლად უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული რეკვიზიტები დატანილი, უნდა იყოს მითითებული შემკვეთი, რაოდენობა, თანხა და ასე შემდეგ. დეკლარირების არ განხორციელების გამო პირი უნდა დაჯარიმდეს. ჩვენ მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საქმე, იმოქმედოს კანონის შესაბამისად მისი ფუნქცია-უფლებამოსილების ფარგლებში და მოახდინოს ამ პირის დაჯარიმება“, – განაცხადა დონაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ე.წ. „სისხლიანი ბანერის“ გამკვრელს, მიხეილ გაბრიაძეს მისი დეკლარაცია აუდიტის სამსახურისთვის არ წარუდგენია, „რაც კანონის მიხედვით მისი დაჯარიმების საფუძველს იძლევა“.