მეზვრიშვილი: ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს

252

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვიდეოფიქსაციაში მხოლოდ ბიულეტენის სილუეტი ჩანს და შინაარსის გარკვევა აბსოლუტურად შეუძლებელია. გარდა ამისა, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც საარჩევნო კომისიებში წევრები არ ჰყავს, პრაქტიკულად ეცლება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის მიერვე მიღებული დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიმუშავა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციის იმგვარი წესი, რომელიც არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს და ვერ აზღვევს ხმების მანიპულირებით რისკებს. კერძოდ, 28 ივნისს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ცესკოს მიერ 23 აგვისტოს მიღებული იყო N55 დადგენილება, რომლითაც განისაღვრა საუბნო-საარჩევნო კომისიის ვალდებულება კენჭისყრის დღეს განხორციელდეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. დადგენილების თანახმად, პირველმა მთვლელმა ბიულეტენი იმგვარად უნდა დაიკავოს, რომ გადამღებ მოწყობილობას შეეძლოს ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. 26 სექტემბერს ცესკომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმიტირებული კენჭისყრის ამსახველი ჩანაწერი, რომელიც სათანადოდ არ აფიქსირებს ბიულეტენის წინა გვერდს, ჩანს მხოლოდ ბიულეტენის სილუეტი და შინაარსის გარკვევა აბსოლუტურად შეუძლებელია. მოთხოვნების სანახევროდ შესრულება ვერ აღწევს ხმით მანიპულირების თავიდან აცილების მიზანს. გარდა ამისა, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც საარჩევნო კომისიებში არ ჰყავს წევრები, პრაქტიკულად ეცლება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.

აღნიშნულის შესახებ კომუნიკაცია შედგა ცესკოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, მოვითხოვთ უზრუნველყოფილი იყოს ვალდებულების სრულყოფილად შესრულება და ხმის მიცემის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტენის პირველ გვერდზე გამოსახული ინფორმაცია და პირველ რიგში, ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.