„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ვიდრე გიორგი გახარია 20 ივნისთან და ია კერზაიასთან დაკავშირებით სიმართლეს არ იტყვის, მასთან ადამიანურ ურთიერთობასაც გამორიცხავს.
როგორც ოპოზიციის ნაწილის კანდიდატების შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიკა მელიამ განაცხადა, გიორგი გახარიაზეა დამოკიდებული, თუ რას იფიქრებს მასზე საზოგადოება.
„მე და ბატონ გახარიას შორის ურთიერთობა თუ არა არის გარკვეული მინიმუმ, მედიის წარმომადგენლებში, დიდი სიამოვნებით გამოვხატავდი გაკვირვებას, რადგან მთელმა საქართველომ იცის ჩემი და ბატონ გახარიას ურთიერთობა. ამ ადამიანმა ჩემი აზრით, ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა და სანამ ამ შეცდომაზე ის სიმართლეს არ იტყვის, ვგულისხმობ 20 ივნისს და ბაჩანა შენგელიას დედის, ია კერზაიას სიკვდილს, მე ასეთ ადამიანთან არამხოლოდ თანამშრომლობას, ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობასაც გამორიცხავ, რადგან ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავი რომ წარმომიდგენია, მეშინია უბრალოდ და შემშინებია ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავის წარმოდგენის, რომელსაც დედა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოუკლეს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე თქვა უარი. რატომ? იმიტომ, რომ სკოლის დირექტორი იყო მრავალი წელი და უნდოდა პირნათლად გაეგრძელებინა მისი საქმიანობა. სიცოცხლეშივე მოასწრო ინტერვიუს მიცემა და თქვა, რამხელა ზეწოლა ჰქონდა.
დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ბატონო გახარია. 20 ივნისს რაც მოხდა და რაც მან იკადრა, ჯერჯერობით, რაც გახარიასგან მესმის, ამ ყველაფერს ამართლებს და არა პირიქით. როგორ შეიძლება მომავალში პოტენციურადაც მქონდეს ამ პიროვნებასთან პოლიტიკური ურთიერთობის შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი სიმართლეს არ იტყვის. თუ ეს ადამიანი ძალას მოიკრებს და სიმართლეს იტყვის, ამის შემდეგ შეიძლება პოზიცია ბევრმა ადამიანმა შეიცვალოს ამასთან მიმართებაში. ერთი სიტყვით, მასზეა დამოკიდებული საზოგადოება რას იფიქრებს, არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის კარზე მოთამაშე პოლიტიკოსი, ბევრს ასე სჯერა, ბევრს სჯერა, რომ არ არის, ან კიდევ უფრო სხვა როლი აქვს მას მორგებული. ამ ყველაფერს საზოგადოება 2 ოქტომბერს გადაწყვეტს“, – განაცხადა მელიამ.