რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, ისეთი ჯერ რომ არ გვინახავს, პასუხობს დემოკრატიულ, ევროპულ, ამერიკულ სტანდარტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ეუთო/ოდირი აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, დაუჭერს თუ არა მხარს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას.
ნიკა მელიას განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საერთაშოროსო დამკვირვებელი არ იმყოფებოდა გლდანში, სადაც თვითონ მაჟორიტარი კანდიდატი იყო. წელს კი, მელიას თქმით, სხვა რეალობაა.
„შარშან, მე პირადად ვერც ერთმა დამკვირვებელმა ვერ მითხრა, რატომ არ მიულოცე ბატონ კობიაშვილს გამარჯვება გლდანში, იმ გლდანში, სადაც ელენე ხოშტარია წელს პირველ ტურში გაიმარჯვებს. ვერც ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეს ვერ მითხრა, იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი გლდანში არ იყო და არ აკვირდებოდა პროცესებს. რომ ყოფილიყო დამკვირვებელი გლდანში და საკუთარი თვალით დაენახა, როგორ არბევს იარაღით ადამიანი საარჩევნო უბანს და როგორ წვავენ ოფისს, გგონიათ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დასკვნა ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო? შარშან, მთელ ქვეყანაში თუ არ ვცდები, 103 დამკვირვებელი იყო, ამიტომ, დღეს, რაელობა სხვა არის“, – აცახდებს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.
როგორც კალიურანდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება.