“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, თანამშრომლობა ტყუილს უნდა გამორიცხავდეს.
„მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება „ევროპული საქართველო“ თუ „ლელო“. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის. „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც ჩემი აზრით გახარიასთანაც. არა იმის გამო, რომ ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი შეცდომა, მათ შორის, დანაშაულია ჩადენილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იმის გამო, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ეს ხალხი ჩვეულებრივი მატყუარები და „გადამგდებები“ არიან, ამის გამო შეუძლებელია, რამე თანამშრომლობაზე ფიქრიც კი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.