ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ – გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია “ამბასადორი” განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.
მათივე ცნობით, დღეს საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია “ამბასადორს” შორის, რომელიც მხარეების მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი განკარგულებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის” დასახლებაში.
განხორციელდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.
პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.