პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ის თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ გორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის შვილს ლუკა ბიძინაშვილს ეძებდნენ. შემდეგ კი, ბასიშვილმა თქვა, რომ მისი შვილი პოლიციამ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავა.