როგორია წინასაარჩევნო გარემო კახეთში და რა დარღვევები გამოიკვეთა

256

ბანერების და საარჩევნო მასალების დაზიანების ფაქტები, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს ის საკითხებია, რაზედაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტები ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში ფიქსირდება. ამ თემაზე სტატიას კახეთის ხმა წერს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველ პარტიას აგიტაციაში ხელშეშლის მცდელობაში, მათ მხარდანჭერებს ბანერების დაზიანებაში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერების დაშინებაში, მათზე ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საარჩევნო ბანერის და პლაკატების დაზიანების ფაქტზე საუბრობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გიგი გიგიტელაშვილი. ის აცხადებს, რომ მისი საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ასევე დაზიანებულია მცირე ზომის პლაკატებიც.

,,დააზიანეს ჩემი ბანერი სოფელ კურდღელაურში, რომელიც რამდენიმე დღის წინ განვათავსეთ. ამის გამკეთებლებს ეშინიათ არჩევნების წაგების და ეს არის მათი უნიათობის გამოხატულება. გარდა ამისა, სოფელში პატარა პლაკატები დააზიანეს. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ერთი ღამით მიზანმიმართულად გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ”,– განუცხადა Knews.ge-ს გიგი გიგიტელაშვილმა.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ზეწოლა მიდის გურჯაანში სკოლის პედაგოგებზე და მათ სთხოვენ რომ სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ მხარი დაუჭირონ არჩევნებზე მმართველ პარტიას.

ბუწაშვილის თქმითვე, გარდა ამისა, მათ არ მიეცათ საშუალება გურჯაანის მუნიციპალიტეტში საარჩევნო ბანერების განთავსების, რადგან თითქმის ყველა ადგილი მმართველმა პარტიამ დაიკავა.

,,წინასაარჩევნო აგიტაცია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, არ გვეძლევა საშუალება ბანერების განთავსების. მმართველმა გუნდმა დაიკავა ყველა სტენდი. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ კერძო მესაკუთრეებზე მიდის ზეწოლა და შესაბამისად უარს ვიღებთ მათგან, რომ მათ ტერიტორიაზე განვათავსოთ ჩვენი ბანერები. ზეწოლა ხორციელდება ასევე სკოლის და ბაღის პედაგოგებზე, მათ პირდაპირ სთხოვენ მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო კანდიდატებს და საარჩევნო კაბინიდან მათთვის სასურველი ქმედება ღიად აჩვენონ ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებს უბნებზე. ბანერები არ გვაქვს, პლაკატებს კი ისტერიულად გვიხევენ’’,– განაცხადა თემურ ბუწაშვილმა.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სალომე ღონღაძე ამბობს, რომ ზეწოლისა და დაშინების გზით პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ მაწიმში კაკი ლობჟანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. სალომე ღონღაძეს განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა ლობჟანიძე ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

„როგორც მე გავარკვიე, კაკი ბენზინგასამართ სადგურზე იყო, საიდანაც კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა, ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში და იძულებით დააწერინეს განცხადება და მაჟორიტარობაზე უარი ათქმევინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს“, – განაცხადა სალომე ღონღაძემ.

თავად კაკი ლობჟანიძე მედიასთან არ ურთიერთობს. კომენტარს არ აკეთებენ კაკის ოჯახის წევრებიც.

ლაგოდეხის 15-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ კაკი ლობჟანიძე განცხადების დასაწერად ოლქში მარტო იყო მისული. სალომე ღონღაძეს თქმით, გარდა ამისა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის გამო ის სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს პარტია ,,საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატი გიგა ორკოდაშვილი. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მის მხარდამჭერებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლას ახორციელებენ.

,,ბევრი ბრიფინგი ჩავატარეთ როგორც ჩვენ, ასევე პარტიის ლიდერებმა, რომ ხელი გვეშლება წინასაარჩევნო აგიტაციაში. წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია და ძალიან ბევრი დარღვევები დავაფიქსირეთ. სხვადასხვა ტიპის მეთოდებით ხდება ჩემს გარემოცვაზე, თანამოაზრეებზე ზეწოლა: ეს იქნება მანქანის ჩხრეკა უმიზეზოდ, საჯარო მოხელეებზე სოციალურ ქსელში ლაიქების აკრძალვა, ჩემი მეგობრების სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება, პარტიული სიის და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა და სხვა. ასევე ჩვენი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. მათ ორი სახის დავალებას აძლევენ: ერთია ის, რომ მობილიზება გაუკეთონ ოჯახის წევრების ხმებს და მეორე ის, რომ ვინც მათი მხარდამჭერი არაა, არ მივიდეს არჩევნებზე’’, – განუცხდა knews.ge-ს გიგა ორკოდაშვილმა.

სხვა პოლიტიკური პარტიების წარომადგენლების მსგავსად წინასარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს ,,ლეიბორისტული პარტიის” თელავის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილიც. იგი განმარტავს, რომ სახელისუფლებო პარტია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.

,,ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ყველა დასაქმებულს დავალებული აქვს, რომ მიიტანოს ე.წ. მხარდამჭერთა სია, მივიდეს ადამიანებთან, გამოართვას პირადობის ასლები და მაიდინტიფიცირებელი დოკუმენტაცია. ყველა ბანერზე რაც თელავში არსებობს, გამოკრულია ოცნების კანდიდატების ბანერები. ასევე, კერძო ობიექტებზე არის მმართველი პარტიის წარმომადგენლის პლაკატები. იქ, სადაც პლაკატების განთავსება არის კანონით ნებადართული, ყველგან გაკრულია მმართველი გუნდის პარტიის კანდიდატების პლაკატები. მაგალითად, თელავის უნივერსიტეტთან’,- აცხადებს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფენ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები. მმართველი პარტიის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო თანასწორ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

პლატონ კალმახელიძეს თქმითვე, ყველა ფაქტზე, რაზეც წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საუბრობენ, აუცილებელია მტკიცებულების წარმოდგენა.

,,საარჩევნო გარემო არის თანასწორი და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღა და დემოკრატიული გახადა პროცესი. ჩვენ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას.

იყო ბრალდებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს ვინმეს ფოტოზე ლაიქის გამო უშვებენ სამსახურიდან. თქვან კონკრეტული სახელი და გვარი, ვინ იქნა განთავისუფლებული რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის გამო!. პოლიტიკური აბეზარები ჩვენ არასდროს არ გვაკლია და შესაბამისად, ეს პოლიტიკური ვითომ „ბრალდებები“ ყოველთვის ახასიათებთ ხოლმე.

ძალიან ბევრ სოფელში დააზიანეს ჩვენი პლაკატები. მაგალითად: სოფელ კურდღელაურში სამჯერ მოხდა გაკრული ჩვენი პლაკატების ჩამოხევა. მსგავსი სიტუაციები დაფიქსირებულია სოფელ ლალისყურში, ფშაველში, ნაფარეულში და სხვა. ხევენ ჩვენს პლაკატებს, ამახინჯებენ ჩვენი კანდიდატების სახეებს და აშ.

ჩვენთვის ეს მეთოდები მიუღებელია და ვმუშაობთ ძალიან სწორად, ცივილურად და დემოკრატიულად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ვინც ამბობს, რომ დარღვევის რამე ფაქტი აქვს, მიმართონ შესაბამის სამსახურებს გამოსაძიებლად‘’,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას პლატონ კალმახელიძემ.

წინასაარჩევნო პერიოდში კახეთის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ დარღვევებზეა ასევე საუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.

,,გურჯაანში, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურის დატოვების იძულების ფაქტი დაფიქსირდა. პარტია „საქართველოსთვის“ შაშიანი-ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი სოლომნიშვილს, რომელიც, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი – სოფლის წყლებში“ მუშაობს, სამსახურის იურისტმა კოტე მარტაშვილმა დაურეკა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. იგივე მოთხოვნა წაუყენა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წინწალაშვილმაც და დაამატა, რომ თუ სოლომნიშვილი საკუთარი ნებით არ წავიდოდა, ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდებოდა. გიორგი სოლომნიშვილმა განცხადება არ დაწერა და თავი გათავისუფლებულად მიიჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, კოტე მარტაშვილმა განმარტა, რომ გიორგი სოლომნიშვილი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და არც შესაბამისი ბრძანება არ არსებობს.

კახეთში ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტი დაფიქსირდა. სექტემბრის დასაწყისში, სოფლის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელს, საბავშვო ბაღის მენეჯერმა მოსთხოვა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 10 კაციანი სიის შედგენა სამეზობლო უბნიდან, რაზეც პედაგოგმა უარი განაცხადა. მასწავლებლის ვინაობას და სოფელს ორგანიზაცია, მისი სურვილის შესაბამისად, არ ასახელებს.

ასევე ლაგოდეხში, 3 სექტემბერს, შვებულებაში ყოფნისას, მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. ღონღაძე 23 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს შეუერთდა. ღონღაძის თქმით, გეგმავდა, რომ შვებულების დასრულების შემდეგ გადამდგარიყო. იგი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისივე სიტყვებით, საკრებულოს წევრების ნაწილი აიძულეს, გათავისუფლებისთვის მხარი დაეჭირათ. ამას კი იმით ხსნის, რომ კენჭისყრის შედეგების დათვლისას გამოვლინდა, რომ 2 ბიულეტენი გეომეტრიული ფიგურებით იყო დანიშნული. საკრებულოს თავმჯდომარის, კარლო ჯამბურიას თქმით, ღონღაძის გადაყენების მიზეზი პოლიტიკურ სარჩული კი არა საკრებულოსთვის დამაზიანებელი შედეგების პრევენცია იყო.

მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს და გიორგი გახარიას პარტიული საქმიანობა ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში გადაკვეთდნენ, რაც საზიანო შედეგს მოიტანდა.

ასევე სიღნაღში დაფიქსირდა საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების ფაქტი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სააგიტაციო კამპანიაში ჩართვის მიზნით მიმართა და პარტიის სასარგებლოდ მხარდამჭერთა სიის შედგენა მოსთხოვა. ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული მითითების შესახებ, თუმცა ანონიმურად დარჩენა ისურვა’’,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე