რას გააკეთებს გამარჯვების შემთხვევაში ადიგენისთვის – “ოცნების” მერობის კანდიდატის დაპირებები

643

2 ოქტომბრის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარეხ დათიაშვილი დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“კი გოჩა ქიმაძე. რა პრობლემებს ხედავენ მუნიციპალიტეტში კანდიდატები და გამარჯვების შემთხვევაში, რომელი საკითხის მოგვარებაზე დაიწყებენ ზრუნვას, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ორივე მათგანს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაგვთანხმდა.

„ენმ“–ს კანდიდატმა, მარეხ დათიაშვილმა ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, არც ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.

გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის მთავარი პრიორიტეტი, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

„ჩემი ძირითადი დაპირებაა: დაუღალავი შრომა, ღამეში თუ საჭირო იქნება მხოლოდ 4–5 საათი ძილი და დანარჩენი მოსახლეობასთან შრომაა. ყველა იმ საჭირ–ბოროტო საკითხებზე, რაც მათ წინაშე იქნება. მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის მომარაგებას ითხოვს და აქედან გამომდინარე პრიორიტეტად დავისახე, რომ ეს პრობლემები პირველ რიგში მოგვარდეს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რომელშიც ეჭვი არ მეპარება, ოთხი წლის ვადაში შევეცდები უზრუნველვყო, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს წყალი, ზედმეტ–ნაკლებად, როგორც სარწყავი, ისე სასმელი. ამის რესურსი იქნება.“

გარდა წყლის პრობლემის მოგვარებისა, მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი გამოწვევაა, იქნება ეს გზების მოწესრიგება, გარეგანათების უზრუნველყოფა თუ კულტურის სახლის მშენებლობა.

„რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადაც გზა არ არის გაკეთებული, მაგალითად დერცელი ქიქინეთი, კეხოვნის მიმართულებით, ყველა უბანში უნდა იყოს გაკეთებული ბეტონის გზა – შიდა გზები.  განათებების გაკეთება უნდა დასრულდეს ამ ოთხი წლის მანძილზე, ყველა უბანში უნდა იყოს შესული. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, კულტურის სახლი არ აქვს ადიგენს ამას ავაშენებთ. ღმერთის წყალობით, ჩვენი დაუღალავი შრომით და ბიუჯეტის შევსებით ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს,“ – გვითხრა გოჩა ქიმაძემ.

მერობის კანდიდატის განცხადებით ადიგენში სამაგალითო და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.

„წინასაარჩევნო გარემო შესანიშნავია, ძალიან კარგად მიდის, აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში და ვფიქრობ, რომ ასეთი მაგალითი სხვებმაც უნდა გადაიღონ, როგორიც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ოპოზიციის მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც.“

2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული სია ოთხ პარტიას აქვს დარეგისტრირებული, პარტიული სიები კი შვიდ პარტიას.