გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება, თუმცა, პრეზენტაციის სრული ვერსია qartli.ge გამოქვეყნდა და მკითხველს გაცნობის საშუალება მიეცა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს უხდიდა, რადგან ძალიან ღელავდა. ის სპეციალურად მერობის კანდიდატისთვის მომზადებულ ტექსტს კითხულობდა და სიტყვებს ხშირად იმეორებდა.
მოგვიანებით, საკუთარი პრეზენტაცია თავადვე შეაფასა:
“გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან პირველი საჯარო პრეზენტაცია იყო, ცოტა ვღელავდი, საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს ცხადია არ ვუშინდები და ნამდვილად ვიცი, რომ შემდგომში უკეთესი იქნება. მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ!” – წერდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
თუმცა, ეს პოსტიც დარედაქტირდა და ამჟამად მისი ნახვა მხოლოდ პოსტის ისტორიაში იძებნება.
რატომ აღარ იძებნება პრეზენტაციის ვიდეო ოფიციალურ გვერდზე? პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიდეო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო დასრულებისას არ მოახდინეს მისი შენახვა. ,,რაც იმას ნიშნავს, რომ არავის წაუშლია,” – ამბობს პრესსამსახური.
ფეისბუკი გვერდის ადმინისტრატორს ეკითხება, სურს თუ არა პირდაპირ ეთერში გასული ვიდეოს შენახვა, როგორც ირკვევა, პარტიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა პრეზენტაციის შენახვა.